საზოგადოებრივი
104.5 FM
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა
შსს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა  – კაპიტანმა ზურაბ ლუხოშვილმა ე.წ. “ჩაჯდომებში” მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ღონისძიება საქართველოს კუდოს ფედერაციის მხარდაჭერით თბილისში, სპორტულ კლუბ “ფიტნეს 31–ში” ჩატარდა. რეკორდის მოსახსნელად სპორტსმენს, 80 ფუნტი (36.3 კგ) წონის ზურგჩანთით წუთში სულ მცირე 43–ზე მეტი ჩაჯდომა უნდა შეესრულებინა. მოქმედი რეკორდი – 42 ჩაჯდომა, იტალიის მოქალაქე სილვიო საბას ეკუთვნოდა, მისი წინამორბედი კი ბრიტანელი პედი დოილი იყო, 40 ერთეულით. ზურაბ ლუხოშვილს მიზნის მიღწევა არ გასჭირვებია: მან 60 წამის განმავლობაში 63 ჩაჯდომის გაკეთება მოასწრო და გინესის მსოფლიო რეკორდების ნორმატივს 20 ერთეულით გადააჭარბა. შედეგი ადგილზე დააფიქსირეს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯებმა.– “რეკორდის მოხსნა ჩემთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, თუმცა ამ შედეგის მისაღწევად დაახლოებით ექვსთვიანი მომზადება დამჭირდა. ვარჯიშს ვაგრძელებ და იმედი მაქვს, მომავალში ახალი რეკორდების დამყარებასაც შევძლებ. მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს კუდოს ფედერაციას და მის ხელმძღვანელობას” – განაცხადა რეკორდსმენმა.– “ზურაბ ლუხოშვილის წარმატებაში დარწმუნებული ვიყავი, თუმცა ასეთ მაღალ შედეგს არ ველოდი: თითოეულ ჩაჯდომას ერთ წამზე ნაკლებ დროში ასრულებდა და შესვენება საერთოდ არ გამოუყენებია. ვთვლი, რომ წარმატებული ღონისძიება გამოგვივიდა. თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი სპორტულ კლუბ “ფიტნეს 31–ს” და საბრძოლო ხელოვნება კუდოს ეროვნულ ფედერაციას” – განაცხადა რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ბეგიაშვილმა.ზურაბ ლუხოშვილი 1983 წლის 3 სექტემბერს, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფეში დაიბადა. 2004 წელს დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი სამხედრო მომზადებისა და ფიზ–აღზრდის ფაკულტეტი. 2009 წლიდან მუშაობს საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, ჯგუფის უფროსის პოზიციაზე. წარსულში სპორტით პროფესიონალურ დონეზე დაკავებული არ ყოფილა. მისთვის ეს სარეკორდო ასპარეზობა პირველია.
წაკითხვა
არარსებული საზღვრის უკანონო პატიმრები.
რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ 2015 წელს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 503 საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "IDFI" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მონაცემების მიხედვით დაკავებულთა რაოდენობით ოკუპირებული სოხუმი ლიდერობს 341 მოქალაქით, ხოლო ცხინვალში 162 პირი იქნა გადაყვანილი. რამდენიმე ასეული რუბლი, ეს ის თანხაა, რომლის სანაცვლოდაც დაკავებულთა განთავისუფლება ხდება. აღსანიშნავია რომ 2009-2015 წლებში საოკუპაციო ჯარის მიერ ე.წ. „საზღვრის უკანონო“ გადაკვეთის ბრალდებით სულ დაკავებულია 2 481 საქართველოს მოქალაქე.
წაკითხვა
სასწრაფოდ
დაასწარი პროფესიონალებს, ატვირთე პირველმა პირველზე!
წაკითხვა
თინა ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„ბოდიშს ვუხდი ყველა ჟურნალისტს ვისაც 2 დღის მანძილზე ვერ გპასუხობთ. სამწუხაროდ არ შემიძლია ინტერვიუს მოცემა. ამიტომ აქედან შეგეხმიანებით და ბუნებრივია შეგიძლიათ ამ კომენტარით ისარგებლოთ ინტერესის შემთხვევაში.აქვე განვმარტავ რომ ვეყრდნობი ინფორმაციებს რომელსაც interpressnews ავრცელებს, ვინაიდან ტელევიზორის ყურების საშუალება არ მაქვს. 1. რეზერვის და მობილიზაციის კონცეფცია ჩემი მინისტრობის დროს არის შემუშავებული და ჩემი ხელმოწერით გაიგზავნა როგორც უშიშროების საბჭოში, ასევე მთავრობაში. ის გენშტაბის შესაბამისი ოფიცრების მრავალწლიანი შრომის შედეგია, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, უფრო განვავრცეთ და დოკუმენტად ვაქციეთ.სამწუხაროდ, ადამიანი რომელსაც ლომის წილი მიუძღვის მის შექმნაში დღეს ჯარში აღარ მსახურობს. კონცეფციის შემუშავების პროცესში რამდენიმე ათეული საჯარო შეხვედრა გავმართეთ, განსაკუთრებით ბევრი სტუდენტებთან სხვადასხვა უნივერსიტეტებში და მაქსიმალურად შევუსაბამეთ იმ ინტერესებს რომელიც ამ შეხვედრების დროს გამოითქვა იმათ მიერ ვისაც ყველაზე მეტად შეეხება მომავალში. ასევე განვიხილეთ კომიტეტთან ერთად ორჯერ. საწყის და დასკვნით ეტაპზე.ისე რომ ძალიან უხერხულია კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებები, მაგრამ არა გასაკვირი. 2. ვარსკვლავიანი შტატების გაუქმების გადაწყვეტილება სტრატეგიულ დონეზე ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს იყო მიღებული, ხოლო რეალურად მისი მოქმედება და განხორციელება ჩემი მინისტრობის დროს განხორციელდა.მადლობა ბატონ იზორიას რომ ეს პროცესი არ გააჩერა, თუ არ გააჩერა. სრული ინფორმაციის არ ქონის პირობებში რთულია იმის თქმა რამდენად სწორად და სამართლიანად წარიმართა პროცესი ჩვენს შემდეგ.თუმცა ცალსახად ვადასტურებ, რომ სწორედ ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი, მისი 80 პროცენტი დასრულებული იყო და სწორია ბატონი იზორია თუკი ის ბოლომდე მიიყვანა. 3. პირამიდა, რომელზეც ბატონი იზორია საუბრობდა დღეს, სამწუხაროდ, სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს დამახინჯდა მნიშვნელოვნად. ყველა მანამდელი პროცესი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფელბის დროს იყო ამ თვალსაზრისით 20-მაგად და მეტად გაუარესდა და ჩემი მინისტრობის დროს დავიწყეთ იმ ტიპის რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფდა რომ ვარსკვლავიანი კადრები და პოლკოვნიკები უფრო მეტი არ ყოფილიყო ჯარში, ვიდრე ე.წ. ხიშტი. ამ პროცესის გაგრძელება სწორია და მისასალმებელი და იმედია ამ გზაზე შეფერხება აღარ იქნება.სამწუხაროდ ადამიანი რომელიც ყველაზე კომპეტენტურია ამ საქმეში და ვისი პრინციპულიც პოზიციაც დღეს ყველაზე მეტად ჭირდება რეფორმის წარმატებას, აღარ მუშაობს გენშტაბში. 4. თუმცა იმისათვის რომ პირამიდის ფუნდამენტური პრობლემები მოგვარდეს აბსოლუტურად სავალდებულოა საკონკტრაქტო სამსახურში გაწვევა.სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ერთ ერთი მთავარი მიზეზი იაერარქიული ამოტრიალების და მახინჯი პირამიდის ჯარის ე.წ. ჩუმი შემცირების პოლიტიკა იყო, რომელიც ჩემმადე ხორციელდებოდა. ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის 3 წლის მანძილზე საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა არ მომხდარა, შესაბამისად არ მომხდარა ჯარის შევსება და შესაბამისად მივიღეთ ის უზარმაზარი პრობლემა რომელიც მე დამხვდა.ჩემი მინისტრობის დროს მოხდა პირველი გაწვევა საკონტრაქტო სამსახურში და ჩვენს მას კამპანიის ხასიათი მივეცით მეტი ახალაგაზრდის დაინტერესებისა და მოზიდვის მიზნით. ჩვენ 3 ციკლი მოვასწარით და დავტოვეთ გეგმა როგორ უნდა მომხდარიყო შევსება.სამწუხაროდ, ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. არადა უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ რამდენი ადამიანით შეივსო შეუარაღებული ძალები 2017 წლის შემოდგომა-ზამთარში?პირამიდის მოწესრიგება მხოლოდ ამ ფორმით არის შესაძლებელი.ბრიგადის გაუქმება / არ გაუქმება სიტყვებით თამაშია ორივე მხრიდან. რეალურად ქაღალდზე რომ გვიწერია, მთავრსარდალი რომ წარადენს და პარლამენტი რომ ამტკიცებს, შესაბამისად ქვეყანას განცხადებული აქვს რომ ამხელ აჯარი სჭირდება, იმხელაა ეს ჯარი თუ არა ეს არის მთავარი. დანარჩენი, რამდენი ბრიგადა იქნება და სად განლაგებული ეს უმნიშვნელოვანესი, მაგრამ სხვა ტიპის საკითხებია. 5. განათლების მინისტრთან ერთდ იდეა გვაქვსო მეტი პატრიოტიზმი შევიტანოთ სკოლებშიო.ორი მინისტრის წინამორბედებს ამგვარ შეთანხმებაზე ხელი უკვე მოწერილი აქვთ 2015 წლის 8 აგვისტოს მოვაწერეთ ხელი მემორანდუმზე, და ორივე სამინისტროს ერთობლივი გუნდი მუშაობდა პროგრამაზე.აქვე დავამატებ, რომ ამ იდეის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტებთანანაც ვმუშაობდით ადგილობრივი მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც თანამედროვე საქართველოს გმირები გაიზარდნენ და გირჩევთ ეს მიმართულებაც გააგრძელოთ. 6. Army Card -- საშეღავათო ბარათი ჯარისთვის ასევე ჩვენ შევქმენით და გავაკეთეთ შეიარაღებულ ძალებში სამსახურის წასახალისებლად. კარგია რომ ეს პროექტი არ გადააგდეთ, მოგეწონათ და აგრძელებთ. 7. დელტას ხელმძღვანელი.საქმე პროკურატურაში უნდა გაგზავნილიყო.ტყუილია მინისტრის მტკიცება, რომ სასამართლომ დაადგინა დარღვევები. სასამართლოს ასეთ გადაწყვეტილება არ არსებობს. ვერც იარსებებს, იმიტომ რომ მორიგება შედგა. ანუ სამინისტრომ თავად აღიარა დარღვევა და შეუთანხმდა ამ პირს. ამაში პრობლემა არაფერია თავისთავად, ბატონ იზორიას შეუძლია ვისაც უნდა იმას მოურიგდეს ან გაურიგდეს, ეს მისი პრეროგატივაა, უბრალოდ ტყუილის თქმა არ არის საჭირო ამ გზაზე. სულ ეს არის.დელტას ხელმძღვანელი საკითხი ბოლოს იმიტომ დავწერე, რომ ყველაზე ნაკლებად ნიშვნელოვანია იმ ყველაფრიდან რაც დღეს კომიტეტზე თქმულა. და თქვენ რომ არ გეკითხათ არც კი მივაქცევდი ყურადღებას. 8. რამე ახალ, კარგ იდეას რომ შემოგვთავაზებთ აუცილებლად დაგიჭერთ მხარს და სხვებსაც მოვუწოდებთ მხარდაჭერისთვის, ჩვენს კარგ იდეებს რომ გააგრძელებთ, ამაშიც დაგიჭერთ მხარს იმიტომ რომ ზუსტად ისევე მნიშვნელოვანია მათი გაგრძელება, როგორც დაწყება იყო მნიშვნელოვანი. 9. და ბოლოს, მნიშვნელოვანი ამბები რომელზეც პასუხი გასაცემია:- დაიწყო თუ არა ფრანგული კონტრაქტის შესაბამისად ფულის გადახდა, წელს უნდა დაწყებულიყო?- როგორია 2017 წელს კონტრაქტით გასაწვევი კონტინგენტის რაოდენობა?- რა დაემართა გენინსპექციის დასკვნას "დელტაზე", რომელიც გრიფიანია და ამიტომ მასზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არსებობს და იქ გამოაშკარავებული დარღვევები პასუხგასაცემია?“ - წერს თინა ხიდაშელი.
წაკითხვა
შავი ზღვა: თურქეთის წვრთნები, რუსეთი და საქართველო
38-ზე მეტი სამხედრო გემი, მათ შორის, ოთხი წყალქვეშა ნავი, ათი სარაკეტო ფრეგატი, სამი კორვეტი და ექვსი სარაკეტო კატარღა ჩართულია შავ ზღვაში, თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნაში, რომელსაც Deniz Yıldızı ანუ „ზღვის ვარსკვლავი 2017“ ეწოდება. მასშტაბურმა სამხედრო საზღვაო წვრთნებმა, რომელსაც თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური ადმირალი ვეისელ კოსელე ხელმძღვანელობს, 27 მარტს აიღო სტარტი და 7 აპრილამდე გასტანს. „ზღვის ვარსკვლავის“ ფარგლებში დაგეგმილი ოპერაციების ოფიციალური მიზანი, სამხედრო-საზღვაო ძალების ბრძოლისუნარიანობის შემოწმება და შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთოების შენარჩუნებაა. თურქული წყაროების ცნობით, საზღვაო მანევრების დროს, თურქმა სამხედროებმა პირველად განახორციელეს, ამერიკული Harpoon Block 2 ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების პრაქტიკული გაშვება, როგორც წყალში, ისე მიწაზე არსებული სამიზნეების განასადგურებლად. თურქეთის სამხედრო-საზღაო ფლოტის გარდა, წვრთნებში მონაწილეობენ სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სანაპირო დაცვის ნაწილებიც. წვრთნის გეგმის მიხედვით, ორი სარაკეტო კატარღა Kalkan და Yildirim-ი მეგობრული ვიზიტით ბათუმის პორტში შემოვიდა. ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდების სტუმრობა ქართულ პორტებში საქართველოს უსაფრთოებისთვის მნიშვნელოვანია. „NATO-ს სამხედრო-საზღვაო ძალების გემების ყოფნა შავ ზღვაში, რომლებსაც შეუძლიათ შემაკავებელი ფუნქცია იკისრონ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ისეც ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ეს ნიშნავს, რომ NATO გიახლოვდება იმდენად, რომ უკვე შენს პორტებში აჩერებს თავის გემებს. იმ ფონზე, როცა საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები არ არსებობს, სანაპირო დაცვაც არ გაგვაჩნია იმ ხარისხის რომ შევძლოთ აგრესორის შეჩერება, დესანტირებას აღკვეთა იქნება ეს თუ ჩვენს ქალაქებზე შეტევა, რაც 2008 წლის აგვისტოში კარგად გამოჩნდა, NATO-ს ქვეყნების აქტიურობა შავ ზღვაში უმნიშვნელოვანესია“. ბათუმის ნავსადგურის გარდა, თურქეთის სამხედრო გემები ასევე შევიდნენ შავ ზღვაზე, პოტენციური მოწინააღმდეგის - რუსეთის პორტში. ხუთი წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როცა თურქეთისა და NATO-ს დროშით მცურავი ფრეგატი Barbaros-ი და კორვეტი Büyükada ნოვოროსიისკის პორტში გამოჩდნენ. და, რაც მთავარია, რუსები მათ არა საპროტესტო ტრანსპარანტებით, არამედ, სამხედრო ორკესტრის მარშით, პურითა და მარილით დახვდნენ. ნოვოროსიისკში შესულ Barbaros-ზე იმყოფება თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური, ადმირალი კოსელე, რომელიც უკვე შეხვდა რუსეთის შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურს, ადმირალ ვიტკოს. ექსპერტების აზრით, 2016 წლის ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, NATO-ს წევრი თურქეთი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში თავის ახალ ადგილს ეძებს. ანკარა ერთის მხრივ, მოუწოდებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს გააძლიეროს პოზიციები შავ ზღვაზე, რომ „შავი ზღვა რუსულ ზღვად“ არ გადაიქცეს და მეორეს მხრივ, ანგარიშს უწევს აკვატორიაში არსებულ დისბალანსს, რომელიც 2014 წლიდან, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდეგ შეიქმნა. A2AD (Anti-Access and Area Denial) - მოწინააღმდგების შეკავების კონცეფციის მიხედვით, რუსეთმა უკვე მოასწრო თურქეთის გარშემო რამდენიმე ასეთი მილიტარიზირებული - A2AD ზონის შექმნა: მათ შორის, ყირიმში, სირიაში, სომხეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში, რაც სერიოზული გამოწვევაა როგორც ანკარისთვის, ისე NATO-ს მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგისა და ალიანსის მოკავშირეებისთვის. კახა გოგოლაშვილი ამბობს „დისბალანსი, რომელიც შავ ზღვაზე დღეს არსებობს სამხედრო პარიტეტის თვალსაზრისით ყოველთვის აწუხებდა თურქეთს, ეს აწუხებს არა მხოლოდ შავი ზღვის, არამედ აკვატორიის მიმდებარე NATO-ს წევრ ქვეყნებსაც. სწორედ ამ წუხილის საპასუხოდ ჩვენ ვხედავთ NATO-ს აშკარა გააქტიურებას, რათა მოხდეს შავ ზღვაზე სამხედრო ბალანსის აღდგენა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ დაირღვა, ყირიმის ანექსიის შემდგომ.'' თურქეთის სამხედრო-საზღვაო წვრთნის „ზღვის ვარსკვლავი 2017“-ის ფარგლებში, საქართველოსა და რუსეთის ნავსადგურების გარდა, თურქული სამხდრო გემები ასევე შევიდნენ რუმინული - კონსტანცას, ბულგარული - ვარნას და უკრაინული - ოდესის პორტებშიც. ოდესის ნავსადგურში თურქულ ფრეგატ Gaziantep-ს და კორვერტ Heybeliada-ს საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო ფრეგატი La Fayette დახვდათ. La Fayette შავ ზღვაში 17 მარტიდან იმყოფებოდა და მონტრეს 1936 წლის კონვენციის (Montreux Convention Regarding the Regime of the Straits) - 21 დღიანი შეზღუდვის თანახმად, შავი ზღვის აკვატორია დღეს დატოვა. ამერიკის ხმა
წაკითხვა
ავღანეთში განთავსებული NATO-ს შეიარაღებული ძალების მეთაურის მადლობა საქართველოს
15 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში იბრძვის. ხუთშაბათს აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ხელმძღვანელს, აშშ-ის არმიის გენერალ ჯონ ნიკოლსონს მოუსმინეს. მან სენატორებს განუცხადა, რომ 2015 წელთან შედარებით, თალიბანი 15%-ით მეტ ტერიტორიას აკონტროლებს. გენერალმა ნიკოლსონმა თქვა, რომ გასულ წელს რუსეთმა თალიბანის აქტიური მხარდაჭერა დაიწყო, რადგან, მოსკოვის მტკიცებით, თალიბანი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის.„რუსეთი თალიბანის ლეგიტიმაციას ცდილობს. ის ამბობს, რომ თალიბანი ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის, ავღანეთის მთავრობა კი - არა. ეს მცდარი განცხადებაა. ავღანეთის მთავრობა ISIS-თან ბრძოლაში წარმატებულია“, - აღნიშნა მან.გენერალმა ნიკოლსონმა მადლობა გადაუხადა იმ მოკავშირე ქვეყნებს, რომლებიც ამერიკის მხარდამხარ ავღანეთში იბრძვიან. მან საქართველოს წვლილს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის საქართველოს ავღანეთში ყველაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული.ნიკოლსონის თქმით, ამერიკის უმთავრესი ამოცანაა, ავღანეთში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციები ადგილზე გაანეიტრალოს, რათა შეერთებული შტატები მორიგი თავდასხმებისგან დაიცვას.2014 წელს ობამას ადმინისტრაციამ ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის უმეტესი ნაწილი გაიყვანა. 2014 წლამდე ავღანეთში 100,000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფებოდა. დღეს იქ 8,500 ამერიკელი მსახურობს. ნატოს საერთაშორისო მისიის შემადგენლობაში 13,000 ჯარისკაცია.გენერალი ნიკოლსონი მიიჩნევს, რომ ავღანეთისათვის უმთავრესი გამოწვევა ირანისა და რუსეთის მცდელობებია, ძირი გამოუთხარონ ავღანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას. მისი თქმით, ირანი თალიბანს ავღანეთის დასავლეთ, რუსეთი კი ჩრდილოეთ პროვინციებში ეხმარება. გენერლის მტკიცებით, რუსეთისა და ირანის აქტიურობა ავღანეთში გავლენის სფეროების მოპოვებასა და ამერიკის როლის შესუსტებას ისახავს მიზნად.წყარო: http://www.amerikiskhma.com/a/resolute-mission-commander-nicholson-thanks-georgia-for-contribution/3716510.html
წაკითხვა
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ ძარწემთან რუსი სამხედროები წვრთნებს ატარებენ
სოფელ ძარწემთან რუსი სამხედროები სამხედრო წვრთნებს ატარებენ.ამის შესახებ ინფორმაცია ოსური საინფორმაციო სააგენტოებით ვრცელდება.მდინარე დიდი ლიახვის ხეობაში განთავსებულ სამხედრო ბაზის სიახლოვეს სამხედრო მოსამსახურეები როგორც მძიმე ტექნიკას, ასევე, უპილოტო საფრენ აპარატს იყენებენ.,,ხდება მტრის იმიტაცია. ჯარისკაცები საბრძოლო მოქმედებაში ერთვებიან, ახორციელებენ იმიტირებულ სადაზვერვო მოქმედებებს და ბრძანებებს უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით გადასცემენ."ადგილობრივ ჟურნალისტებთან, საბრძოლო წვრთნების შესახებ განცხადებას, სამხედრო ქვედანაყოფის წარმომადგენელი აკეთებს. 
წაკითხვა
რუს დიპლომატებს და მათ ოჯახებს აშშ-ში უხმაუროდ დაატოვებინეს დასასვენებელი სახლები
თეთრი სახლის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, რუსმა დიპლომატებმა და მათი ოჯახების წევრებმა 30 დეკემბერს უხმაუროდ დატოვეს ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის გარეუბნებში მდებარე დასასვენებელი სახლები. „შენობები თავისუფალია და ისინი მთავრობის კონტროლის ქვეშ არიან“, - განაცხადა ზედა ბრუკვილის მერმა ელიოტ კონვეიმ, რომელმაც რუსებს „წყნარი მეზობლები“ უწოდა. თეთრმა სახლმა 29 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომ ქვეყნიდან გააძევებს რუსეთის 35 დიპლომატს. აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დაიხურება რუსეთის ორი დაწესებულება მერილენდსა და ნიუ-იორკში. აშშ-ის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ისინი სადაზვერვო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. ჯაშუშობაში შემჩნეულ რუსეთის მოქალაქეებს 72 საათის განმავლობაში დაატოვებინებენ აშშ-ის ტერიტორიას ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან. ამ სკანდალის პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა 30 დეკემბერს განაცხადა, რომ არც ერთ ამერიკელ დიპლომატს არ გააძევებს რუსეთიდან. ვლადიმირ პუტინმა დასძინა, რომ წუხს იმის გამო, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია „ასე ამთავრებს თავის მუშაობას“.წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/a/28207333.html
წაკითხვა
12 წელი და „ოთხოზორიები რუსეთის წინააღმდეგ“
საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელს რაშიდ კანჯი ოღლის, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას აფარებს თავს, ზუგდიდის სასამართლომ გუშინ, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.რეზონანსული მკვლელობის საქმის განხილვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ სამი თვის წინ დაიწყო. დაიკითხა 50-ზე მეტი მოწმე, მათ შორის, Skype-ის საშუალებით, მკვლელობის უშუალო თვითმხილველები, ოკუპირებული გალის რაიონიდან.მათ სასამართლო პროცესზეც დაადასტურეს, რომ აფხაზი „მებაჟე“, რომელმაც 2016 წლის 19 მაისს, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, სოფელ ხურჩაში, უკიდურესი ცინიზმით, გიგა ოთხოზორია მოკლა, ნამდვილად რაშიდ კანჯი ოღლია. იგი ამჟამად ტყვარჩელთან ახლოს, სოფელ აკამარაში ცხოვრობს.რაშიდ კანჯი ოღლის ინტერესებს სასამართლოზე, სახაზინო წესით დანიშნული ზუგდიდელი ადვოკატი, მთვარისა ბიგვავა იცავდა. მან განაცხადა, რომ პროკურატურის გამოძიება არასრულყოფილია და წარმოდგენილი მასალებით, შეუძლებელია იმის დადგენა, რომ ოთხოზორია ნამდვილად კანჯი-ოღლიმ მოკლა.12 წლიანი განაჩენის მიუხედავად, უკმაყოფილო დარჩნენ გარდაცვლილის დედა ჯული ჭანტურია და ქვრივი ნინო მატკავა. როგორც ჯული ჭანტურიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას არ აქვს იმედი, რომ ეს განაჩენი აღსრულდება.,,არ ვიცი..აღსრულებადია ეს განაჩენი? არა მგონია. მკვლელი თავისუფლად დადის, არც დაკავებულია და არც არაფერი“ - ამბობს ჯული ჭანტურია, გიგა ოთხოზორიას დედა.ზუგდიდში მიმდინარე სასამართლო პროცესის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებდა მოლაპარაკებას სოხუმის რეჟიმთან, რაშიდ კანჯი ოღლის გადმოცემასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ.იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურმა თბილისმა სეპარატისტულ სოხუმს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის მასალები გადასცა, აფხაზურმა მხარემ არც კი დააკავა კანჯი ოღლი და მას მხოლოდ ფორმალური შინაპატიმრობა შეუფარდა.საინტერესოა, რომ მკვლელობის საქმის გამოძიებისას, ზუგდიდელი გამომძიებელი რაშიდ კანჯი ოღლის ტელეფონითაც კი დაუკავშირდა, თუმცა მან მობილური გათიშა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ელოდება პასუხს ინტერპოლიდან, სადაც გადაგზავნილია შესაბამისი მიმართვა და მასალები კანჯი ოღლიზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მოთხოვნით.პრორუსული ორგანიზაცია „ერეკლე მეორის საზოგადოების“ ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, სინამდვილეში, შეზღუდვა დაწესებული არ აქვს და იგი პირიქით, სამსახურში დააწინაურეს:,,მკვლელი დასჯილი არ არის. მეტს გეტყვით, ჩემი ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაწინაურებულია“ - განაცხადა არჩილ ჭყოიძემ  (ერეკლე მეორეს საზოგადოება). „საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვა და პირობა დადო რომ აუცილებლად დაისჯებოდა ოთხოზორიას მკვლელი. შემდგომში, რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და პოლიტიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ მკვლელი თითქოს უკვე დასჯილია. დასჯილი არ არის. მეტს გეტყვით, ჩემი ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაწინაურებულია.“მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახი სამართლის ძიების გაგრძელებას სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში გეგმავს. გარდაცვლილის ქვრივის ნინო მატკავას ინფორმაციით, იურისტები ამზადებენ სარჩელს „ოთხოზორიები რუსეთის წინააღმდეგ“.ოთხოზორიების ოჯახი ითხოვს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მეორე მუხლის - სიცოცხლის უფლების დარღვევის ანუ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამო, მთელი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დაეკისროს, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, კონტროლის მექანიზმის მქონე ერთადერთ სახელმწიფოს.31 წლის გიგა ოთხოზორია, გალის რაიონის სოფელ ბარღებიდან დევნილი იყო. იგი ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. გიგას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. გიგას სიკვდილის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ, ოთხოზორიების ოჯახს ზუგდიდის ცენტრში კერძო სახლი გადასცა.
წაკითხვა
შვედეთმა უარი უთხრა რუსეთს გაზპრომის (ჩრდილოეთ ნაკადი 2) -ის მილების დასაწყობებაზე
Inforesis - ის ინფორმაციით,  შვედეთი რუსეთს არ მისცემს უფლებას, გაზპრომის (ჩრდილოეთ ნაკადი 2) - ის მილსადენის მშენებლობისთვის განკუთვნილი  მილები დაასაწყობოს კუნძულ გოთლენდის პორტში. ამის შესახებ ადგილობრივი ტექნიკური კომიტეტის უფროსმა ტომი გარდელიმ განაცხადა.გარდელიმ აღნიშნა, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის თავდაცვის სამინისტროს აზრით, გაზპრომის მილების დასაწყობებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ინტერესებზე. თავდაცვის მინისტრმა პიტერ ჰულტკვისმა აღნიშნა, რომ შვედეთის სამხედროები გამუდმებით იმყოფებიან პორტში და ამის გამო შვედეთის თავდაცვის სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ მილებში  წინასწარ იყოს ჩამონტაჟებული მოსასმენი მოწყობილობები, რაც კონფლიქტის შემთხვევაში, რუსეთმა, შესაძლოა სათავისოდ გამოიყენოს, საკუთარი სამხედრო საზღვაო ძალებისთვის. 
წაკითხვა
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა
შსს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა  – კაპიტანმა ზურაბ ლუხოშვილმა ე.წ. “ჩაჯდომებში” მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ღონისძიება საქართველოს კუდოს ფედერაციის მხარდაჭერით თბილისში, სპორტულ კლუბ “ფიტნეს 31–ში” ჩატარდა. რეკორდის მოსახსნელად სპორტსმენს, 80 ფუნტი (36.3 კგ) წონის ზურგჩანთით წუთში სულ მცირე 43–ზე მეტი ჩაჯდომა უნდა შეესრულებინა. მოქმედი რეკორდი – 42 ჩაჯდომა, იტალიის მოქალაქე სილვიო საბას ეკუთვნოდა, მისი წინამორბედი კი ბრიტანელი პედი დოილი იყო, 40 ერთეულით. ზურაბ ლუხოშვილს მიზნის მიღწევა არ გასჭირვებია: მან 60 წამის განმავლობაში 63 ჩაჯდომის გაკეთება მოასწრო და გინესის მსოფლიო რეკორდების ნორმატივს 20 ერთეულით გადააჭარბა. შედეგი ადგილზე დააფიქსირეს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯებმა.– “რეკორდის მოხსნა ჩემთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, თუმცა ამ შედეგის მისაღწევად დაახლოებით ექვსთვიანი მომზადება დამჭირდა. ვარჯიშს ვაგრძელებ და იმედი მაქვს, მომავალში ახალი რეკორდების დამყარებასაც შევძლებ. მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს კუდოს ფედერაციას და მის ხელმძღვანელობას” – განაცხადა რეკორდსმენმა.– “ზურაბ ლუხოშვილის წარმატებაში დარწმუნებული ვიყავი, თუმცა ასეთ მაღალ შედეგს არ ველოდი: თითოეულ ჩაჯდომას ერთ წამზე ნაკლებ დროში ასრულებდა და შესვენება საერთოდ არ გამოუყენებია. ვთვლი, რომ წარმატებული ღონისძიება გამოგვივიდა. თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი სპორტულ კლუბ “ფიტნეს 31–ს” და საბრძოლო ხელოვნება კუდოს ეროვნულ ფედერაციას” – განაცხადა რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ბეგიაშვილმა.ზურაბ ლუხოშვილი 1983 წლის 3 სექტემბერს, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფეში დაიბადა. 2004 წელს დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი სამხედრო მომზადებისა და ფიზ–აღზრდის ფაკულტეტი. 2009 წლიდან მუშაობს საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, ჯგუფის უფროსის პოზიციაზე. წარსულში სპორტით პროფესიონალურ დონეზე დაკავებული არ ყოფილა. მისთვის ეს სარეკორდო ასპარეზობა პირველია.
წაკითხვა

უახლესი