საზოგადოებრივი
104.5 FM
ოლბრაიტი: არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინი სუკის აგენტი იყო
ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი, საუბრობს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ამერიკის როლი მსოფლიოში და რა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს ვაშინგტონს საერთაშორისო წესრიგის შექმნასა და შენარჩუნებაში.ოლბრაიტი 30 იანვარს საერთაშირისო და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ამერიკას განსაკუთრებული როლი აკისრია საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებში. „ჩვენ შეუცვლელი ქვეყანა ვართ. ეს პრეზიდენტმა კლინტონმა თქვა და მე ხშირად ვიმეორებ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მარტო უნდა ვიყოთ, ეს პარტნიორებსაც გულისხმობს,“ განაცხადა გამოსვლის დასაწყისში ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.ოლბრაიტი კლინტონის ადმინისტრაციის წევრი იყო. მას გაეროში ამერიკის ელჩის თანამდებობა ეკავა და შემდგომ პირველი ქალი გახდა ამერიკის ისტორიაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს ჩაუდგა სათავეში.ის ქალთა უფლებების ერთ-ერთი აქტიური დამცველია. 2016 წლის არჩევნებში, ოლბრაიტი მხარს ჰილარი კლინტონს უჭერდა. კლინტონის საარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებულმა მისმა ფრაზამ „ჯოჯოხეთში არის იმ ქალებისთვის ადგილი, რომლებიც სხვა ქალებს არ ეხმარებიან,“ წინააღმდეგობრივი რეაქციები გამოიწვია.ოლბრაიტმა ხუმრობით განაცხადა, რომ უნივერსიტეტში "სადღაც ცეცხლის აღმოჩენასა და აიპედის გამოგონებას შორის" სწავლობდა, როცა სახელმწიფოს ინსტიტუტებსა და მთავრობასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობა სხვანაირი იყო. "დღეს ეს ყველაფერი რელევანტური აღარაა... დღეს ადამიანები მთავრობებს 21-ე საუკუნის ტექნოლოგიით ესაუბრებიან, მთავრობა 20-ე საუკუნის ტექნოლოგიით უსმენს მათ და 19-ე საუკუნის პასუხს სცემს,“ დასძინა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.ოლბრაიტს აშშ-ის მაღალი დიპლომატიური თანამდებობები ეკავა რუანდის, ბოსნიის და კოსოვოს კონფლიქტების დროს. ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კლინტონის ადმინისტრაციის „ლიბერალური ინტერნაციონალიზმის“ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია.ლიბერალური ინტერნაციონალიზმი საგარეო პოლიტიკური ხედვაა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე საერთაშორისო ორგანიზაციების და არასახელმწიფო მოთამაშეების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და გულისხმობს, რომ ერთი ქვეყანა შესაძლოა მეორე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ჩაერთოს (აღკვეთოს სისხლისღვრა ან თავიდან აიცილოს ჰუმანიტარული კატასტროფა) თუ მას ლიბერალური პრინციპები ამოძრავებს.„გლობალიზაცია ის სიტყვაა, რომელსაც ჩვენ ყველა მივეჩვიეთ, ამ პროცესმა ბევრი უპირატესობა მოიტანა, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის, ბიზნესის ქონის და სტუდენტებისთვის სხვადასხვა კულტურებიდან განათლების მღების კუთხით. თუმცა პრობლემა ისაა, რომ გლობალიზაციას სახე არ აქვს, ხალხი თავს დაკარგულად გრძნობს და მათ იდენტობების მიხედვით დაჯგუფება დაიწყეს, ეთნიკური, ლინგვისტური თუ სხვა ხაზით. რაც მისაღებია, თუმცა სირთულეებს იქ ვაწყდებით თუ ჩემს იდენტობას შენი სძულს,“ აღნიშნა მან.ოლბრაიტი ყოფილი ჩეხოსლოვაკი დიპლომატის შვილია. მის ოჯახს, ჩეხოსლოვაკიის საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში მოხვედრის შემდეგ, ჯერ ინგლისში იმიგრაცია მოუწია, ხოლო შემდეგ ამერიკაში დევნილის სტატუსით ჩასვლა. თავად როგორც იმიგრანტი, ოლბრაიტი ამერიკის მიერ დევნილების მიღებას ემხრობა და აკრიტიკებს ამერიკის პრეზიდენტის დოლანდ ტრამპის გადაწყვეტილებას არ მიიღოს ლტოლვილები სირიიდან და დროებით აკრძალოს მუსლიმი უმრავლესობის მქონე 7 ქვეყნიდან ვიზიტორების მიღება. გასულ კვირას, ოლბრაიტმა ტვიტერზე დაწერა, რომ ის მზადაა ისლამი მიიღოს მუსლიმი მიგრანტების მიმართ სოლიდარობის ნიშნად.„მე იმიგრაციის ტრაგიკული ისტორია არ მაქვს... ჩვენ როდესაც ამერიკაში ჩამოვედით, ხალხი გვეუბნებოდა, რომ ძალიან წუხან, რომ ჩვენი ქვეყანა საშინელმა სისტემამ ჩაიგდო ხელში და გვეკითხებოდნენ რა შეეძლოთ გაკეთებინათ ჩვენთვის. სწორედ ესაა ის, რაც ამერიკას ძლიერ ქვეყანად ქმნის,“ თქვა მან. ოლბრაიტი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორია, სადაც ის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ლექციებს კითხულობს. მისი თქმით, ის სტუდენტებს ხშირად ეუბნება, რომ იმიგრანტებისა და დევნილებისადმი მსგავს დამოკიდებულებას ნაწილობრივ შიშის ფაქტორი განაპირობებს. მისივე თქმით, ამერიკას უკვე აქვს მექანიზმები იმისთვის, რომ შეამოწმოს მათი მონაცემები, ვინც ქვეყანაში თავშესაფარს ითხოვს. ამიტომ ტრამპის მიერ ინიცირებული „განსაკუთრებული შემოწმების“ პროცედურის საჭიროებას ის ვერ ხედვას. „მე ვფიქრობ, როდესაც შიშის ფაქტორით მოქმედებ, საშინელი შეცდომებს დაშვებაა შესაძლებელი. შეიძლება ითქვას, ერაყის ომი შიშის ფაქტორით იყო გამოწვეული. რა თქმა უნდა, პრობლემები არსებობს - განსხვავებულ მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც ტერორიზმის საფრთხე მუდმივია. ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ ვინ არიან ისინი და საიდან მოდიან. ამას ჩვენი სადაზვერვო სამსახურები აკეთებენ," თქვა მან და დასძინა, რომ "დევნილები ის ხალხია ვინც ბევრს მუშაობს და ჩვენს ქვეყანაში მათთვის ბევრი ადგილია.“ოლბრაიტი ამბობს, რომ ტრამპის მიერ ბრძანების გამოცემამდე არ მომხდარა გადაწყვეტილების განხილვა მთავრობის სხვადასხვა დეპარტამენტების და სააგენტოების მიერ.„ტრამპის ადმინისტრაცია არ იყო მზად ამ განკარგულებისთვის. არცერთი დეპარტამენტი არ იყო ჩართული ამ პროცესში. ეს კარგად აჩვენებს როგორ მიდიოდა ხელისუფლების გადაცემის პროცესი. ამასთანავე მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილების გაუთვალისწინებელი შედეგები - როგორ გვიპასუხებს ერაყის მთავრობა? ჩვენ იქ სამხედროები გვყავს. ეს ცუდად დაგეგმილი ოპერაციაა, რომელმაც ჩვენი ხალხი აღაშფოთა და ასევე ისინიც ვინც [ამერიკაში] ჩამოდიან,“ განაცხადა ოლბრაიტმა.გარდა საერთაშორისო მოვლენების ზოგადი მიმოხილვისა, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა რუსეთის და პოსტ-საბჭოთა სივრცისადმი, ამერიკის პოლიტიკის მისეულ ხედვაზე ისაუბრა. მისი თქმით, დიპლომატებს ვაშინგტონში არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პუტინი "KGB"-ს ყოფილი აგენტია.ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის პოლიტიკა არ უნდა იყოს აგებული იმაზე, მოწონს თუ არა რუსეთს ვაშინგტონი. ოლბრაიტს თქმით, ძალის დემონსტრირება მოსკოვისადმი სწორი მიდგომაა.„უნდა გვესმოდეს ისტორია. ქვეყანა [რუსეთი] იყო იმპერია, შემდეგ საბჭოთა კავშირი, რომელსაც უზარმაზარი ძალა ქონდა. ის [საბჭოთა კავშირი] ჩვენი მთავარი მტერი იყო. მოხდა ჩვენთვის უპრეცედენტო რამ, მთავარი მეტოქის ძალაუფლება ჩამოიქცა ომის გარეშე და ამის შემდეგ ჩვენ ვცდილობდით გაგვერკვია როგორ გვემუშავა რუსეთთან. მართალია ვერ შეთანხმდებით ყველაფერზე, მაგრამ საჭიროა გაარკვიო რაზე თანხმდები და რაზე არაა... მე [სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას] ელცინს შევხვდი. მან მკითხა თუ რატომ ფართოვდებოდა ნატო. მე ვუთხარი, რომ ეს მათ წინააღმდეგ არ იყო მიმართული და რაღაც ეტაპზე თუ მათ სურვილი ექნებოდათ თვითონაც გამხდარიყვნენ ნატოს ნაწილი. ჩვენ მზად ვიყავით ისინი მიგვეღო," განაცხადა ოლბრაიტმა.ოლბრაიტის თქმით, რუსეთი ცდილობს ევროკავშირის და ევროპის ერთიანობისთვის ძირის გამოთხრას. იყენებს პროპაგანდას რათა მოახდინოს სვადასხვა საკითხებით მანიპულირება და უთანხმოებების გაღვივება.მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები არ უნდა გააუქმოს იმ პირობებში, როდესაც მოსკოვი მინსკის შეთანხმებას არ ასრულებს.„პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა რუსეთში იდენტობის კრიზისის დროს. ის ცდილობს რუსეთს მსოფლიო ძალის სტატუსი დაუბრუნოს და ეს მის პოპულარობას ეხმარება. ის იყენებს ასიმეტრიული ბრძოლის ხერხებს, კიბერ და საინფორმციო ომის ტაქტიკას. ის ერთიან ევროპას საშიშროებად მიიჩნევს და ცდილობს გავლენის სფეროების შენარჩუნებას. პუტინი იარაღად იყენებს დევნილებს, რაც ბევრი ქვეყნის დესტაბილიზაციას იწვევს ევროპაში. საჭიროა მკაფიოდ ითქვას, რომ არ ვაპირებთ სანქციების გაუქმებას ვინაიდან ისინი [რუსები] არ ასრულებენ ამისთვის საჭირო პირობებს. პუტინის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინაში შეჭრა არალეგალურია. პუტინი აფასებს ძალას, და ვფიქრობ საჭიროა ძალის გამოჩენა. ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის რუსებს მოსწონდე," აღნიშნა ოლბრაიტმა.ოლბრაიტის განცხადებით, ამერიკა რუსეთთან ურთიერთობებში ფრთხილად უნდა იყოს და არ უნდა იმოქმედოს იმ პრინციპით, რომ შესაძლოა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი სიმპათია ჩამოყალიბდეს."მე ვფიქრობ ტრამპის ადმინისტრაციას სურს სანქციების გაუქმება. ასევე არიან ევროპელები, რომელთაც ამ მიმართულებით უნდათ წასვლა. პუტინი და მისი ხალხი ქმნიან დევნილებისგან პრობლემას. ეს მათი პროპაგანდის ნაწილია და ისინი უფრო კარგად აწარმოებენ პროპაგანდას ვიდრე ჩვენ. ისინი სხვა სივრცეში არიან და ჩვენ სხვაში. ბევრმა სხვა პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა მასთან ურთიერთობაში, მაგალითად ბუშმა. ჩვენ უნდა ვიფრთხილოთ და არ უნდა წაგვიღოს ფიქრმა ორმხრივი მოწონების შესაძლებლობაზე,“ ამბობს ის.კითხვაზე, როგორია მისი დამოკიდებულება მომავლისადმი, ოლბრაიტმა უპასუხა „ხშირად მეკითხებიან ოპტიმისტი ვარ თუ პესიმისტი. მე ოპტიმისტი ვარ, რომელიც ბევრს ღელავს.“წყარო: http://www.amerikiskhma.com/a/albright-at-csis-discussing-us-role-in-the-world/3700258.html
წაკითხვა
გაეროში აშშ-ის ელჩი: რუსეთი საფრთხეს უქმნის მსოფლიო წესრიგს
გაეროში აშშ-ის ელჩი, სამანტა პაუერი რუსეთს ადანაშაულებს აგრესიულ და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში, რომლებიც, მისი აზრით, საფრთხეს უქმნის მსოფლიო წესრიგს. პაუერმა ეს შეფასება გამოთქვა 17 იანვარს ვაშინგტონში დაფუძნებულ კვლევით ცენტრ „ატლანტიკურ საბჭოში“, სადაც გამოვიდა გაეროში აშშ-ის ელჩის რანგში თავისი ბოლო მოხსენებით. მან რუსეთის აგრესიულობის მაგალითებად მოიყვანა ყირიმის ანექსია, ინნტერვენცია აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში, სირიის მთავრობის სამხედრო მხარდაჭერა და დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში არჩევნებზე ჰაკერული თავდასხმებითა და დეზინოფრმაციით გავლენის მოხდენის მცდელობა. წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/a/28239775.html
წაკითხვა
ჰერბსტი: რუსეთის მოქმედებები ალეპოში ტერორიზმის ფორმა იყო
ანკარაში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის შემდეგ სირიაში მიმდინარე 6 წლიან კონფლიქტზე სასაუბროდ ირანის, თურქეთის და რუსეთის წარმომადგენლები ამ დღეებში მოსკოვში შეიკრიბნენ. ამ პროცესში არც შეერთებული შტატები და არც გაერო ჩართული არ ყოფილა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვლადიმირ პუტინი დასავლეთსა და თურქეთს შორის ივლისის ამბოხებით გამოწვეული დაძაბულობით სარგებლობს და რეგიონის პოლიტიკიდან დასავლეთის გარიყვას ცდილობს. ამ თემებზე სასაუბროდ ამერიკელ დიპლომატს, აშშ-ის ყოფილ ელჩს უკრაინასა და უზბეკეთში ჯონ ჰერბსტს დვუკვშირდით. „რუსეთს და თურქეთს სირიის საკითხზე მნიშვნელოვნად განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. ამის მიუხედავად, ქვეყნებს შორის ურთიერთობების დათბობა მას შემდეგ დაიწყო, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთს სამხედრო შვეულმფრენის ჩამოგდებისთვის მოუბოდიშა. ახლა ურთიერთობების გამწვავება არც ერთი ქვეყნის ინტერესში არ არის. მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ თურქეთმა განაცხადა, რომ მის ინტერესში არ შედის სხვა ქვეყნის ლიდერის მოშორება. ეს სიახლეა. აქამდე, ერდოღანი ასადის წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს უჭერდა მხარს.“ მოსკოვში სირიაზე სასაუბროდ სამი ქვეყნის წარმომადგენლის შეკრებაზე, თურქეთმა განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის ლიდერის, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის თავიდან მოშორება მათი საქმე არ არის. დიპლომატი და ამჟამად „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ ეს თურქეთის ბოლო წლების პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რადგან „კონფლიქტის დაწყებიდანვე, თურქეთი სწორედ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მებრძოლებს უჭერდა მხარს.“ ჰერბსტის თქმით, ახლა მთავარ კითხვად რჩება როგორ მოიქცევა ერდოღანის თურქეთი და შეცვლის თუ არა ის სირიის პოლიტიკას. „არავისთვისაა საიდუმლო, რომ პუტინს სირიაში თავისი ინტერესები აქვს და აქამდე წარმატებულადაც. თუ პუტინი ერდოღანის დარწმუნებას შეძლებს და ისინი ასადის მხარდასაჭერად გაერთიანდებიან, რაც კრემლის ინტერესშია. რეგიონის პოლიტიკისთვის ეს მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება.“ კითხვაზე, უნდა ველოდეთ თუ არა რუსეთისგან ტერორიზმის სახელით რეგიონში მეტ სამხედრო ჩართულობას, ჰერბსტი გვპასუხობს, რომ სირიაში რუსეთის კამპანია, თავისთავად, ტერორიზმის ფორმა იყო. „მოსკოვს ექსტრემისტების წინააღმდეგ არაფერი გაუკეთებია. ის ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი არ არის... ვფიქრობ, ალეპოში რუსეთის საჰაერო კამპანიას ტერორიზმი ვუწოდოთ. მე არ მჯერა, რომ მოსკოვს ანტი-ტერორისტული განზრახვები ჰქონდეს. მოსკოვი ასადს ალეპოს აღებაში სრულიად ბარბაროსული მეთოდებით ეხმარებოდა. ალეპოს დაცემა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ეს ნათელი ნიშანია რუსეთის მფარველობის ქვეშ ასადის რეჟიმის ხელახალი აღმავლობისა.“ ჰერბსტს უჭირს სირიის მომავალზე საუბარი. მისი თქმით, სირიაში რუსეთის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შეერთებული შტატების არაეფექტურობაა. ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს - დონალდ ტრამპს, სირიასთან დაკავშირებით კონკრეტული პოლიტიკა არ წარმოუდგენია, მაგრამ მან ახსენა, რომ ექსტრემიზმის, მათ შორის ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” დასამარცხებლად რუსეთთან ითანამშრომლებს. ამის მიუხედავად, ჰერბსტი სკეპტიკურადაა განწყობილი ერთის მხრივ ტრამპის ექსპერტიზაში და მეორეს მხრივ ამერიკა-რუსეთის შესაძლო თანამშრომლობის შესაძლებლობაში. „ტრამპის განცხადებებში არ ჩანს იმის ცოდნა, რომ რუსეთს ექსტრემისტი ისლამისტების წინააღმდეგ არაფერი გაუკეთებია. თუ ტრამპი პუტინს ეტყვის, რომ მას არაფერი აქვს ასადის საწინააღმდეგო და ამის საპასუხოდ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გაერთიანებაზე შეთანხმდებიან, შეიძლება თანამშრომლობა შედგეს. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ტრამპი პუტინს აძლევს იმას, რაც პუტინს ჭირდება, რაც დიდი ძალისთვის კარგი არ არის,“ დასძენს ჰერბსტი. ვაშინგტონში ბევრი ექსპერტისგან განსხვავებით, ჰერბსტი ადამიანების იმ მცირე ჯგუფშია, რომელიც ობამას მიერ სირიელი ოპოზიციისთვის თავშეკავებულ მხარდაჭერას ემხრობოდა, რადგან, მისი თქმით, ოპოზიციური ძალები „სუსტები იყვნენ და მათ სანდოობასთან დაკავშირებით ჩნდებოდა კითხვები“. თუმცა ჰერბსტი შეცდომად მიიჩნევს პრეზიდენტ ობამას ორ გადაწყვეტილებას: „არასწორი იყო, როცა კონფლიქტის დასაწყისში ობამამ განაცხადა, რომ ასადი უნდა წავიდეს. ასევე, შეცდომა იყო მისი მხრიდან „წითელი ხაზების“ გავლება და შემდეგ ამ ხაზების გადაკვეთაზე უმოქმედობა.“ ჰერბსტის აზრით, შეერთებულ შტატებს მოკავშირეებთან ერთად სირიელი დევნილებისთვის „უსაფრთხო თავშესაფრის“ შექმნა სირიაშივე შეეძლოთ, სადაც საჰაერო სივრცეს ამერიკის საჰაერო ძალები, ხმელეთზე კი კოალიციის სამხედროები დაიცავდნენ.„მოკავშირეების სამხედროები კი ადგილზე მშვიდობის გარანტია იქნებოდნენ, ამით თავიდან იმ ლტოლვილების ნაკადსაც ავიცილებდით, რამაც ევროპაში ამდენი პრობლემა გამოიწვია.
წაკითხვა
სასწრაფოდ
დაასწარი პროფესიონალებს, ატვირთე პირველმა პირველზე!
წაკითხვა
სატერი: პროპაგანდასთან ბრძოლა ინტელექტუალური გამოწვევაა
დევიდ სატერი, რუსეთის ექსპერტირუსეთი დეზინფორმაციის და პროპაგანდის გასავრცელებლად ტრადიციულთან ერთად ახალ მეთოდებსაც იყენებს. ამ პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი მედიაა. თუმცა, მედიასთან ერთად მოსკოვი აქტიურად იყენებს ინტერნეტს და სოციალურ ქსელებს. ცნობილი ჟურნალისტი და რუსეთის ექსპერტი დევიდ სატერი ცოტა ხნის წინ კრემლის კიბერ თავდასხმის არა მხოლოდ სამიზნე გახდა, არამედ დეზინფორმაციის ერთგვარ წყაროდაც იქცა. სატერს ია მეურმიშვილი ესაუბრა.თქვენ კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი ახალი მეთოდის სამიზნე გახდით. რა მოხდა? როგორ მუშაობს ეს მეთოდი?არ ვიცი ტექნიკური დეტალები, მაგრამ ვიცი ის, რომ ისინი ჩემს იმეილში შევიდნენ. ტორონტოს უნივერსიტეტში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ „მოქალაქეების ლაბორატორია“ გამოძიება ჩაატარა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ კრემლის ამ ოპერაციის შედეგად ასობით ადამიანის ინფორმაცია იქნა მოპარული. მათ ყურადღება რამდენიმე ადამიანზე გაამახვილეს. მე და ჯონ პადესტა მათ შორის ვიყავით. პადესტას შემთხვევაში მისი იმეილებიდან ამოღებული ინფორმაცია საპრეზიდენტო კამპანიის ბოლოს ჰილარი კლინტონის დისკრედიტაციის მიზნით იქნა გამოყენებული. ჩემს შემთხვევაში კი ჩემგან მოპარული ინფორმაცია რუსეთის შიგნით პროპაგანდისთვის გამოიყენეს. ჩემი იმეილები გააყალბეს და თქვეს, რომ კავშირი მქონდა რუს ოპოზიციონერებთან და რუსეთში უკრაინის მსგავსი რევოლუციის მოწყობას ვგეგმავდი.ამ, ეგრეთწოდებული, ფიშინგის დროს ბევრი ქვეყნის მთავრობის ოფიციალური პირების იმეილებიც იქნა მოპარული. მათ შორის იყვნენ საქართველოს მთავრობის წევრებიც. ცნობილია ვინ იყო სამიზნე და რა სახის ინფორმაცია მოიპარეს მისგან?ვფიქრობ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიგებთ, თუ ეს ინფორმაცია გამოაქვეყნეს. ვიცით ის, რომ მოპარულია იმეილები, დეტალები კი უცნობია გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც მოქალაქეების ლაბორატორიამ გამოაქვეყნა.რუსეთის პროპაგანდაზე საუბარი პოპულარული თემაა. ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა საფრთხეებს ქმნის ის, როგორ მუშაობს, რა მეთოდებს იყენებს. მიუხედავად ამ განხილვებისა, მიჭირს დავასახელო ერთი კოორდინირებული მეთოდი, რომლითაც კრემლის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ხდება ბრძოლა. რამდენად ეფექტურად ვებრძვით პროპაგანდას - რა უნდა გავაკეთოთ მის დასაბალანსებლად და გვაქვს თუ არა სათანადო ძალისხმევისთვის საჭირო მეთოდები?რა თქმა უნდა, მეთოდები გვაქვს. მაგრამ ეს თემა ჩვენთვის ინტელექტუალური გამოწვევაა, რომელსაც თავს, როგორც წესი, ცუდად ვართმევთ. რუსული პროპაგანდის და ყალბი სიახლეების წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთზე სიმართლის თქმით შეიძლება. მაგრამ რუსეთზე სიმართლის ცოდნა ადვილი საქმე არ არის.ის მოითხოვს ინტელექტუალურ სერიოზულობას, ძირეულ შესწავლას, და ანალიზს. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ჩვენ ამაზე მხოლოდ ვწუწუნებთ. მაგალითისთვის გეტყვით: მე პირადად 1999 წლის მოსკოვის ბინების აფეთქებებზე ძალიან ბევრი მაქვს დაწერილი. ამ საქმემ პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა და შესაბამისად ამ თემაზე საუბარს მის ლეგიტიმურობაზე აქვს გავლენა. იმის ნაცვლად, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ, პირიქით, ვერ აგიხსნით რამდენად რთულია ამ თემაზე ადამიანების ყურადღების გამახვილება.პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის უნდა ვიკისროთ ინტელექტუალური პასუხისმგებლობა, საკითხს მივუდგეთ სერიოზულად და პოლიტიკა შევიმუშაოთ რუსეთის მოქმედებების შესახებ სიმართლის ცოდნაზე დაყრდნობით.მთავრობაზე საუბრობთ...არა მხოლოდ მთავრობაზე - ვსაუბრობ აკადემიურ წრეებზე, ჟურნალისტებზე. ყოველთვის ვცდილობთ საქმე გავიადვილოთ და რუსულ სიყალბეებზე ზედაპირული პასუხები მოვძებნოთ. ეს არავის არაფერში არწმუნებს, პირიქით, ყოველთვის თავდაცვით პოზიციაში გვამყოფებს. ის, რასაც არ ვაკეთებთ, ან რის გაკეთებაც აქამდე ვერ მოვახერხეთ არის ის, რომ მსოფლიოს დავანახოთ პუტინის რეჟიმის ნამდვილი სახე და ეს გავაკეთოთ ფაქტებით, რომლებიც თვალწინ გვაქვს.ანუ არ ვიცით რას ვაკეთებთ?ნაწილობრივ ეს არის არ ცოდნა, სიზარმაცე, კარიერიზმი... იმისი ვერ დანახვა, რომ პროპაგანდაზე საუბრისას შიდა-პოლიტიკური დინამიკიდან და დაწესებული ჩარჩოებიდან უნდა გამოვიდეთ.ამბობთ, რომ პოლიტიკოსები პროპაგანდას ერთმანეთის წინააღმდეგ ქულების დასაწერად იყენებენ?ეს ისეთი თემაა, რომელიც ყველას საქმიანობაზე აისახება. ტრამპის შემთხვევაში გვქონდა, ეგრეთწოდებული, "ტრამპის დოსიე," რომელიც ჩემი აზრით, ყალბ ინფორმაციას შეიცავდა. ჰილარი კლინტონის შემთხვევაში რუსებმა მის კამპანიაზე უნანონო ჰაკერული იერიშები მიიტანეს და მოპარული იმეილები გაასაჯაროეს. ეს ამერიკის პოლიტიკაში ჩარევაა.პუტინი ამბობს, რომ რუსეთი ამერიკის არჩევნებში არ ჩარეულა.პუტინი ბევრ რამეს ამბობს და ის სიმართლის მთქმელი ადამიანი არ არის. არც მისი რეჟიმი ამბობს სიმართლეს. პროპაგანდის მანქანა რუსეთის მოსახლეობის მანიპულირებაზე და დასავლეთის დაბნევაზეა ორიენტირებული.მესმის, რომ რთულია შეაფასო პროპაგანდის შედეგები და კონკრეტულ ნარატივებსა და მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაინახო. გაქვთ რაიმე ასეთი მაგალითი?რუსებმა დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ 2011 წლის დემონსტრაციების უკან ამერიკა იდგა. სინამდვილეში მოხდა ასეთი რამ - ამომრჩევლებმა ტელეფონებით დაიწყეს არჩევნებზე მომხდარი დარღვევების დაფიქსირება. დაგროვდა მტკიცებულებები. არჩევნების მანიპულირების მცდელობამ ბევრი ადამიანი გააბრაზა და ისინი ქუჩაში გამოვიდნენ. დემონსტრაციების დაწყებიდან რამდენიმე დღეში სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელსაც მაშინ ჰილარი კლინტონი ხელმძღვანელობდა, გააკეთა განცხადება, რომ ამერიკა მხარს უჭერს დემოკრატიულ პრინციპებს და ადამიანების სირვილს დაიცვან საკუთარი ხმა.კლინტონის ადგილზე ნებისმიერი სახელმწიფო მდივანი იგივე განცხადებას გააკეთებდა, რადგან ამ განცხადებაში განსაკუთრებული არაფერი იყო. ამის შემდეგ რუსებმა დემონსტრაციების ორგანიზება ჰილარი კლინტონს დააბრალეს. ამით დაიწყო ის ნარატივი, რომ პუტინს ჰილარი პერსონალურად სძულს ამ დემონსტრაციების გამო. ეს ნარატივი გავრცელდა, გაიზარდა და საბოლოო ჯამში, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა დირექტორმა ჯეიმს კომიმაც გაიმეორა ის, რომ რუსები კლინტონის კამპანიას იმიტომ დაესხნენ თავს, რომ პუტინს ჰილარი პირადად სძულს. აი, ეს არის ერთი მაგალითი, თუ როგორ დაიწყო რაღაცა როგორც შეთხზული ფაქტი და როგორ დამკვიდრდა ეს ფაქტი ჩვენს რეალობაში, როგორც სინამდვილე.როცა საქმე ეხება ინფორმაციის გლობალური მასშტაბით გავრცელებას, საქმე გვაქვს მთავრობებთან, ჟურნალისტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და რა თქმა უნდა, სოციალურ მედიასთან. შეიძლება თუ არა საზოგადოების ცრუ ინფორმაციისგან დაცვა და ვის ეკისრება ეს პასუხისმგებლობა?სოციალურმა მედიამ ეს პასუხისმგებლობა რომ იკისროს ამისთვის მათ კონტენტი უნდა აკონტროლონ, რისთვისაც საკმარისი კვალიფიკაცია არ აქვთ.მთავარი თემა არა ინფორმაციის დინების კონტროლია, არამედ სიცრუეზე რეაგირების გაკეთება. ჩვენ ეს ბოლომდე ჯერ არ გვესმის. რუსეთის გაგება არ არის ადვილი საქმეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც საკუთარი ღირებულებებით მოქმედებს. მე ხშირად ვამბობ, რომ იმისათვის, რომ გაიცნო რუსეთი დაუჯერებლის უნდა გჯეროდეს. შედეგად, ხელს არა რუსული პროპაგანდა გვიშლის, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა არც ისე ძნელია, არამედ ჩენი საკუთარი შეზღუდვები.როგორც წესი, პროპაგანდასთან ბრძოლას ასე ადვილად არ ახასიათებენ...პირველ რიგში, არ უნდა გავაზვიადოთ თუ რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია რუსულ პროპაგანდას. ყველზე დიდ ზიანს ჩვენ ვაყენებთ საკუთარ თავებს. რუსები ახერხებენ იმას, რომ ჩვენ ერთმანეთთან დაგვაპირისპირონ. რეალური საფრთხე სწორედ ეს არის და არა ის, რომ რუსები ასეთი საოცრად ჭკვიანები არიან. ეს ასე არ არის.ამერიკის ხმა
წაკითხვა
ფრიდომ ჰაუსი: საქართველოში მედიაზე პოლიტიკური გავლენის კუთხით სიტუაცია გაუარესდა
ფრიდომ ჰაუსის შეფასებით, 2016 წელს მსოფლიოში მედია თავისუფლების კუთხით სიტუაციამ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია უკანასკნელი 13 წლის მანძილზე. ქვეყნები, მათ შორის როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და სერბეთი უფრო აქტიურად ცდილობენ პრესის თავისუფლების შეზღუდვას.ორგანიზაციის თქმით, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყნების სიაში ხვდება. საქართველოს რეიტინგმა პრესის თავისუფლების კუთხით წინა წელთან შედარებით მცირედით დაიკლო. ანგარიშის თანაავტორის, ჯენიფერ დანჰამის თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ხელისუფლების მხრიდან მედიაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობა 2016 წელს უფრო აგრესიულად წარიმართა.„საქართველოში დიდი ხანია ვხვდებით მოდელს, როდესაც პოლიტიკური ძალა ცდილობს მედიის კონტროლს. პროცესი მოიცავს მედია საშუალებების საკუთრებაზე საეჭვო დავებს და მიმართულია მთავარი მაუწყებლების წინააღმდეგ. არსებული პრობლემა უფრო გამწვავდა 2016 წელს, და სწორედ ამიტომ საქართველოს რეიტინგი მცირედით შემცირდა. მედია გარემო და საზოგადოებრივი ინტერესის დაცვა მაშინ მოხდება, თუ ქვეყნის ყველა პოლიტიკური მხარე ღია, სამოქალაქო დებატებში ჩაერთვება, მედია საშუალებებზე გავლენის მოპოვების მცდელობის ნაცვლად. მედია საშუალებები საუკეთესო შემთხვევაში თავისუფალნი უნდა იყვნენ პარტიული კონტროლისგან“, - აღნიშნა დანჰამმა ამერიკის ხმის შეკითხვის პასუხად.ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე დავა, უზენაესი სასამართლოს გადაწვეტილება და ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს ვერდიქტი, დასავლეთში ბევრისთვის შემაშფოთებელია. დიპლომატიური წარმომადგენლობები, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად უსვამენ ხაზს დამოუკიდებელი მედია საშულებების საჭიროებას და მათზე კონტროლის დამყარების მცდელობის მიუღებლობას. მათ შორის, ამერიკის საელჩომ საქართველოში არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება მიმდინარე პროცესებზე. უზანაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ს საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ამერიკის საელჩომ განაცხადა, რომ „პლურალისტური მედია გარემო საქართველოს დემოკრატიული ზრდისთვის და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის საკვანძოა და მოუწოდა საქართველოს მთავრობას „მიიღოს ზომები თავისუფალი, ღია და პლურალისტური მედია გარემოს უზრუნველყოფისთვის“.Freedom House Freedom of the Pess 2017საფრთხეები მედიის წინააღდეგანგარიში საუბრობს ამერიკის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე და პრეზიდენტ ტრამპის მიერ მედიის მიმართ გამოთქმულ შეფასებებზე. დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიამ ამერიკის მედია გარემო შეცვალა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ტრამპი ხშირად აკრიტიკებს მედიას, როგორც „ცრუ ინფორმაციის“ წყაროს და „არაკეთილსინდისიერს“. მან რამდენიმე გამოცემას „ხალხის მტერი“ უწოდა. კვლევის მიხედვით, ამერიკის პრესის თავისუფლების ინდექსი სწორედ ამ მიზეზით შემცირდა. თუმცა ანგარიშში ნათქვამია, რომ ამერიკა რჩება „ყველაზე თავისუფალ ქვეყნად“ პრესის თავისუფლების კუთხით. ორგანიზაცია ამბობს, რომ საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, თუ მსგავსი ტენდეცია გაგრძელდება, აღარ იქნება მოდელი სხვა ქვეყნებისთვის, რაც ერთ-ერთ მთავარი ფაქტორია პრესის თავისუფლების დაცვისთვის და გავრცელებისთვის მსოფლიოში. როდესაც პოლიტიკური ლიდერები ა მედიის წინააღდეგ ილაშქრებენ ამერიკაში, ეს „ხელს აძლევს მათ კოლეგებს გაიმეორონ იგივე საკუთარ ქვეყნებში“.„ამერიკაში პრესის თავისუფლების დასუსტება მსოფლიოში დემოკრატიას დააზარალებს“, - ნათქვამია ანგარიშში.მედია პოსტ-საბჭოთა სივრცეშიმსოფლიოს გარშემო მხოლოდ მოსახლეობის 13% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც მედია თავისუფალია. პოსტ-სოციალისტურ სივრცეში ამ მხრივ მდგომარეობა არასახარბიელოა. „ევრაზიის რეგიონის რეიტინგი ყოველთვის დაბალი იყო“, - ამბობს დანჰამი. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება თითქმის მთლიანად აკონტროლებს მედია სივრცეს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, სომხეთი და აზერბაიჯანი განაგრძობენ მედია თავისუფლების შეზღუდვას. სიტუაცია უარესდება თურქეთშიც, სადაც ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რეჯებ ტაიპ ერდოღანის მთავრობა მედია გამოცემების და ჟურნალისტების წინააღდეგ ილაშქრებს. 2016 წლისთვის, თურქეთში მინიმუმ 81 ჟურნალისტია ციხის მიღმა.მთავრობები იყენებენ პოლიტიკურ ან სოციალურ პროტესტს, როგორც წინაპირობას რათა უფრო აქტიურად განახორციელონ დამოუკიდებელი ან ოპოზიციური მედია გამოცემების წინააღმდეგ კამპანია. ამ ქვეყნებს შორისაა სომხეთი, სადაც გასული წლის საპროტესტო გამოსვლები ხელისუფლებას უპასუხოდ არ დაუტოვებია.სიტუაცია იცვლება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ქვეყნები როგორიცაა პოლონეთი და უნგრეთი მიმართავენ არაპირდაპირ გზებს მედიაზე გავლენის მოსაპოვებლად. დემოკრატიულ ქვეყნებში ხშირად მედიაზე გავლენის და სიახლეების გადაცემაზე კონტროლის მოპოვების მიზნით, არჩეული მთავრობები ახდენენ მთავარი მედია საშუალებების დისკრედიტაციას, საზოგადოებრივ მაუწყებლებზე კონტროლის მოპოვებას და ცდილობენ მათი თანამოაზრე გამოცემების წინ წამოწევას.Freedom Houseუნგრეთში, ხელისუფლებაში მყოფი ფიდესის პარტია 2010 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად ცდილობს მედიაზე კონტროლის მოპოვებას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იყო გამოცემა “ეროვნული თავისუფლების“ დახურვა და გაყიდვა. პოლონეთში „კანონის და სამართლიანობის პარტია“, ფიდესის პოლიტიკას იმეორებს. პარტია საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს, კანონების ცვლილების მეშვეობით რაც მთავრობას ახლა უკვე შესაძლებლობას აძლევს დანიშნოს მმართველები. 2016 წელს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მომუშავე 200-მდე თანამშრომელი იქნა განთავისუფლებული ან მათ თავად დატოვეს პოსტი.მედია პროპაგანდა და ცრუ ინფორმაციამედიაზე გავლენის მოპოვების მაგალითებსა და ტაქტიკებს, არადემოკრატიული რეჟიმები მსოფლიოს გარშემო რუსეთისა და ჩინეთისგან იღებენ. ვლადიმერ პუტინის რუსეთი ცდილობს კონტროლი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით მოიპოვოს მედიაზე, არამედ საზღვრების მიღმაც გაავრცელოს. ანგარიში ამბობს, რომ „პუტინის რუსეთი პიონერია სახელმწიფო პროპაგანდის გლობალიზაციის საქმეში.“ კრემლი ცდილობს მისი ინტერესების შესაბამისად მოახდინოს პრო-რუსული რეპორტაჟების და ინფორმაციის გავრცელება, „განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებში“, - ამბობს ანგარიში. სახელმწიფო კომპანიების, „Russia Today”-ს და „Sputnik”-ის მეშვეობით მოსკოვი ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებას, რაც ფაქტების და მომხდარის დამახინჯებას ახდენს.„რუსეთის მთავრობა მთლიანად აკონტროლებს მედია გარემოს, და ეს კავშირშია პუტინის მაღალ რეიტინგთან და იმასთან, თუ რამდენად კარგად მუშაობს პროპაგანდა რუსეთში და მის გარეთ“, - ამბობს ჯენიფერ დანჰამი.რუსეთის პროპაგანდისტული სტრატეგია ცდება პოსტ-საბჭოთა სივრცეს. რუსული სადაზვერვო სამსახურები 2016 წელს ამერიკის არჩევნებზე გავლენის მოხდენას შეეცადნენ კლინტონის საარჩევნო შტაბის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მეშვეობით. ამასთანავე, რუსეთი შეეცადა საკუთარი ინტერესებისკენ გადაეხარა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. კრემლის მომხრე მედია საშუალებების მიერ ინფორმაციის გავრცელება ამის ერთ-ერთი მეთოდია. მოსკოვი ასევე ხელოვნური სოციალური მედიის მომხმარებლების შექმნით ცდილობს ამა თუ იმ ინფორმაციის ტირაჟირებას.პრესის თავისუფლების ანგარიშიიმაზე საუბრისას, თუ როგორ უნდა ებრძოლონ საქართველო და მისი მეზობლები რუსულ პროპაგანდას, დანჰამი ამბობს, რომ საჭიროა მედიის შესახებ ცნობიერების გაზრდა და ფაქტების მეტი გადამოწმება.„მედიის შესახებ ცნობიერების გაზრდა საჭიროა და ეს მნიშვნელოვანი ნაწილია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. პროპაგანდასთან და ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან საბრძოლველად, ეს [რეგიონის] ქვეყნები, სხვადასხვა გზებს მიმართავენ, ამის ნაწილია ფაქტების გადამამოწმებელი ვებგვერდები და მსგავსი ინიციატივები - და ეს ძალიან მნიშნველოვანი და საჭიროა“, - ამბობს დანჰამი.„ფრიდომ ჰაუსის“ მედია თავისუფლების რეპორტი აფასებს მედია გარემოს და მისი თავისუფლების დონეს მსოფლიოს 199 ქვეყანაში, ის ყოველწლიურად აანალიზებს ამ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებს და ანიჭებს მათ 0-100-მდე ქულას. საქართველოს ქულა 50-ია, რითაც საქართველო, მსოფლიო დონეზე 102 ადგილზეა.
წაკითხვა
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ცნობილია
ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და მოძრაობა "წინ" დამფუძნებელმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 23,86% დააგროვა,-ამის შესახებ ბიულეტენების 97.4% დათვლის შემდეგ გახდა ცნობილი. მონაცემებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ინფორმაციით , "ეროვნული ფრონტის" ლიდერმა, მარინ ლე პენმა ამომრჩეველთა ხმების 21,45% მოაგროვა.მესამე ადგილზე, 19,94% ხმით პარტია "რესპუბლიკელების" კანდიდატი, საფრანგეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ფრანსუა ფიიონი გავიდა. "მემარცხენე ფრონტის" კანდიდატმა, ჟან-ლუკ მელანჩონმა კი ამომრჩეველთა ხმების 19,64% დააგროვა.საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში კვირას, 23 აპრილს ჩატარდა. არჩევნებში მხოლოდ 11 კანდიდატი, მონაწილეობდა.პირველი ტურის შედეგების მიხედვითა ორი კანდიდატი გამოვლინდა, რომლებიც პრეზიდენტობისთვის ბრძოლას მეორე ტურში, 7 მაისს გააგრძელებენ. ეს ორი კანდიდატია საფრანგეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ემანუელ მაკრონი და „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი, მარინ ლე პენი.წყარო: აიპრესი
წაკითხვა
ახალი ინოვაციები 2017
ეს მოგვითხრობს მსოფლიო ტექნოლოგიებზე3 New Best Technology 2017 #053 ახალი საუკეთესო ტექნოლოგია 2017 #05
წაკითხვა
იუმორი რუსული პროპაგანდის საპირწონედ
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ კრემლის პროპაგანდამ თავისუფალია მედიისთვის, პოლიტიკური გაშუქებისთვის და კრიტიკული მოსაზრებებისთვის სივრცე შეამცირა. კრემლის მზარდი პროპაგანდის წინააღმდეგ რუსი ჟურნალისტების ერთი ჯგუფი გაერთიანდა, "მედუზის პროექტი"-ს სახელით ცნობილი ჯგუფი ლატვიიდან მუშაობს და რუსი ახალგაზრდების მოსაზიდად ხშირად იუმორს იყენებენ.რუსეთის ნაციონალისტური პროპაგანდა განსაკუთრებით 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ გაძლიერდა. სწორედ 2014 წლის გაზაფხულის შემდეგ დაიძაბა რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები ყველაზე მეტად "ცივი ომის" შემდეგ.რუსი ჟურნალისტების ერთი ჯგუფი ხელისუფლების მზარდ წნეხს გაექცა და ახლა ლატვიის დედაქალ რიგიდან აგრძელებენ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას."პროპაგანდა ერთგვარ ყალაბ დღის წესრიგს ქმნის, ჩვენ კი გვინდა ჩვენს მკითხველებს რეალობა შევთავაზოთ," ამბობს გალინა ტიმჩენკო, "მედუზის" დამფუძნებელი.ბალტიისპირეთში კრემლის პროპაგანდაზე პასუხად მთავრობებმა რუსული სახელმწიფო მედია საშუაელბები დროებით აკრძალეს და ამავდროულად რუსეთიდან დამოუკიდებელი ჟურნალისტები შეიფარეს."რუსი ჟურნალისტები, რომლებიც მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან და რუსეთის სხვა ქალაქებიდან გამოიქცნენ და მედიას ლტოლვილობაში ქმნიან, ამხელენ კრემლის პროპაგანდას, ამბობს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი"მედუზი"-ს მიზანი ინტერნეტის მომხმარებელ რუს ახალგაზრდებამდე მიღწევაა, მაშინ როცა მათი თანამემამულეების 80 პროცენტი სახელმწიფო ტელევიზიის მაყურებელია."ამ ადამიანებს მეტი შანსი აქვთ დაინახონ სხვა რუსეთი. მათ აქვთ შანსი დაინახონ რუსეთი ახლანდელი მთავრობის გარეშე. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ამ აუდიტორიაში მეტი უნდა დავაბანდოთ," ამბობს ივან კოლპაკოვი, "მედუზი"-ს მთავარი რედაქტორი.კორუფციის თუ სხვა პოლიტიკური მოვლენების სამხილებლად "მედუზი"-ს შემქმნელები იუმორს იყენებენ."ყველაზე მთავარი რასაც ჩვენ ვცდილობთ ეს არის ახალი ამბები ისევ საინტერესო გავხადოთ, რომ რუსი ხალხი ახალი ამბებით ისევ დავაინტერესოთ,"დასძენს კოლპაკოვი.ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში კომედი არხმა სახელად "ცოტაც გაუძელით" იუმორისტული შოუს მომზადება რუსულ ენაზეც დაიწყო, სადაც ძირითადად რუსულ პოლიტიკას აშარჟებენ."ჩვენი შთაგონების წყარო ამერიკული შოუა, "გასული კვირა ჯონ ოლივერთან ერთად," ასევე ჯონ სტიუარტის და სტივენ კოლბერტის შოუებია," ამბობს ანდრიუს ტაპინასი, ლიტველი ტელე-ჟურნალისტი.მაყურებლის მიერ დაფინანსებული ონლაინ გადაცემები რუსულენოვანი აუდიტორიისთვის მზადდება."ჩვენ დავცინით რუსულ პოლიტიკას და რუსეთის მთავრობას, სწორედ აქ გვყავს პატარა აუდიტორია, რადგან თავად რუსეთში ადამიანები ამჯობინებენ ძალიან კრიტიკულები არ იყვნენ მათივე მტავრობის მიმართ," დასძენს ტაპინასი."მედუზი"-ს მსგავსად ტაპინასი ცდილობს ხმა მიაწვდინოს რუსეთის მომავალ თაობას, რომლებიც ინფორმაციას მეტწილად ინტერნეტში მოიპოვებენ, მაგრამ ვისაც ნაციონალისტური პოლიტიკა მობეზრებული აქვს და ვისაც ამ ყველაფერზე კარგად სიცილი შეუძლია.ამერიკის ხმა
წაკითხვა
ტრამპი პუტინს პირდაპირ მოსთხოვს, უარი თქვას ასადზე
გამოცემა The Sunday Times–თვის ცნობილი გახდა, რომ აშშ და ბრიტანეთი უახლოეს მომავალში ღიად დაადანაშაულებენ რუსეთს სირიაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში და პუტინს პირდაპირ მოსთხოვენ, უარი თქვას ასადის მხარდაჭერაზე.აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოსკოვში ვიზიტის დროს იმიმ მტკიცებულებებს წარადგენს, თუ რა იცის რუსეთმა და რის დამალვას ცდილობს იმასთან დაკავშირებით, რომ სირიის ხელისუფლებამ  მომწამვლელი ნივთიერება ზარინი გამოიყენა ქალაქ შაჰ–შეიჰუნის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, – წერს გამოცემა The Sunday Times.აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მოსკოვს იმაშიც დაადანაშაულებს, რომ ის არ ასრულება 2013 წლის შეთანხმების პირობებს სირიაში მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღის განეიტრალების მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი არ ასრულებს თავის ვალდებულებებს.გამოცემის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის მოსკოვში ვიზიტი აშშ–ისა და ბრიტანეთის გეგმის ნაწილია, რომლებიც ვლადიმერ პუტინისგან პირდაპირ მოითხოვენ, უარი თქვას ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერაზე.აშშ–ის სახელმწიფო მდივნის რეკს ტილერსონის ვიზიტი მოსკოვში 12 აპრილს შედგება. გუშინ ტილერსონსა და ლავროვ შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნებოდა, რომ ბაშარ ასადის ჯარების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.4 აპრილს იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღის გამოყენებით 70–ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 20 ბავშვი მოკლეს. საპასუხოდ, აშშ–ის შეიარაღებულმა ძალებმა ასადის მთავარ სამხედრო აეროდრომზე სარაკეტო იერიში მიიტანა.წყარო: PIA.GE
წაკითხვა
შავი ზღვა: თურქეთის წვრთნები, რუსეთი და საქართველო
38-ზე მეტი სამხედრო გემი, მათ შორის, ოთხი წყალქვეშა ნავი, ათი სარაკეტო ფრეგატი, სამი კორვეტი და ექვსი სარაკეტო კატარღა ჩართულია შავ ზღვაში, თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნაში, რომელსაც Deniz Yıldızı ანუ „ზღვის ვარსკვლავი 2017“ ეწოდება. მასშტაბურმა სამხედრო საზღვაო წვრთნებმა, რომელსაც თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური ადმირალი ვეისელ კოსელე ხელმძღვანელობს, 27 მარტს აიღო სტარტი და 7 აპრილამდე გასტანს. „ზღვის ვარსკვლავის“ ფარგლებში დაგეგმილი ოპერაციების ოფიციალური მიზანი, სამხედრო-საზღვაო ძალების ბრძოლისუნარიანობის შემოწმება და შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთოების შენარჩუნებაა. თურქული წყაროების ცნობით, საზღვაო მანევრების დროს, თურქმა სამხედროებმა პირველად განახორციელეს, ამერიკული Harpoon Block 2 ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების პრაქტიკული გაშვება, როგორც წყალში, ისე მიწაზე არსებული სამიზნეების განასადგურებლად. თურქეთის სამხედრო-საზღაო ფლოტის გარდა, წვრთნებში მონაწილეობენ სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სანაპირო დაცვის ნაწილებიც. წვრთნის გეგმის მიხედვით, ორი სარაკეტო კატარღა Kalkan და Yildirim-ი მეგობრული ვიზიტით ბათუმის პორტში შემოვიდა. ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდების სტუმრობა ქართულ პორტებში საქართველოს უსაფრთოებისთვის მნიშვნელოვანია. „NATO-ს სამხედრო-საზღვაო ძალების გემების ყოფნა შავ ზღვაში, რომლებსაც შეუძლიათ შემაკავებელი ფუნქცია იკისრონ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ისეც ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ეს ნიშნავს, რომ NATO გიახლოვდება იმდენად, რომ უკვე შენს პორტებში აჩერებს თავის გემებს. იმ ფონზე, როცა საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები არ არსებობს, სანაპირო დაცვაც არ გაგვაჩნია იმ ხარისხის რომ შევძლოთ აგრესორის შეჩერება, დესანტირებას აღკვეთა იქნება ეს თუ ჩვენს ქალაქებზე შეტევა, რაც 2008 წლის აგვისტოში კარგად გამოჩნდა, NATO-ს ქვეყნების აქტიურობა შავ ზღვაში უმნიშვნელოვანესია“. ბათუმის ნავსადგურის გარდა, თურქეთის სამხედრო გემები ასევე შევიდნენ შავ ზღვაზე, პოტენციური მოწინააღმდეგის - რუსეთის პორტში. ხუთი წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როცა თურქეთისა და NATO-ს დროშით მცურავი ფრეგატი Barbaros-ი და კორვეტი Büyükada ნოვოროსიისკის პორტში გამოჩდნენ. და, რაც მთავარია, რუსები მათ არა საპროტესტო ტრანსპარანტებით, არამედ, სამხედრო ორკესტრის მარშით, პურითა და მარილით დახვდნენ. ნოვოროსიისკში შესულ Barbaros-ზე იმყოფება თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური, ადმირალი კოსელე, რომელიც უკვე შეხვდა რუსეთის შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურს, ადმირალ ვიტკოს. ექსპერტების აზრით, 2016 წლის ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, NATO-ს წევრი თურქეთი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში თავის ახალ ადგილს ეძებს. ანკარა ერთის მხრივ, მოუწოდებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს გააძლიეროს პოზიციები შავ ზღვაზე, რომ „შავი ზღვა რუსულ ზღვად“ არ გადაიქცეს და მეორეს მხრივ, ანგარიშს უწევს აკვატორიაში არსებულ დისბალანსს, რომელიც 2014 წლიდან, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდეგ შეიქმნა. A2AD (Anti-Access and Area Denial) - მოწინააღმდგების შეკავების კონცეფციის მიხედვით, რუსეთმა უკვე მოასწრო თურქეთის გარშემო რამდენიმე ასეთი მილიტარიზირებული - A2AD ზონის შექმნა: მათ შორის, ყირიმში, სირიაში, სომხეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში, რაც სერიოზული გამოწვევაა როგორც ანკარისთვის, ისე NATO-ს მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგისა და ალიანსის მოკავშირეებისთვის. კახა გოგოლაშვილი ამბობს „დისბალანსი, რომელიც შავ ზღვაზე დღეს არსებობს სამხედრო პარიტეტის თვალსაზრისით ყოველთვის აწუხებდა თურქეთს, ეს აწუხებს არა მხოლოდ შავი ზღვის, არამედ აკვატორიის მიმდებარე NATO-ს წევრ ქვეყნებსაც. სწორედ ამ წუხილის საპასუხოდ ჩვენ ვხედავთ NATO-ს აშკარა გააქტიურებას, რათა მოხდეს შავ ზღვაზე სამხედრო ბალანსის აღდგენა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ დაირღვა, ყირიმის ანექსიის შემდგომ.'' თურქეთის სამხედრო-საზღვაო წვრთნის „ზღვის ვარსკვლავი 2017“-ის ფარგლებში, საქართველოსა და რუსეთის ნავსადგურების გარდა, თურქული სამხდრო გემები ასევე შევიდნენ რუმინული - კონსტანცას, ბულგარული - ვარნას და უკრაინული - ოდესის პორტებშიც. ოდესის ნავსადგურში თურქულ ფრეგატ Gaziantep-ს და კორვერტ Heybeliada-ს საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო ფრეგატი La Fayette დახვდათ. La Fayette შავ ზღვაში 17 მარტიდან იმყოფებოდა და მონტრეს 1936 წლის კონვენციის (Montreux Convention Regarding the Regime of the Straits) - 21 დღიანი შეზღუდვის თანახმად, შავი ზღვის აკვატორია დღეს დატოვა. ამერიკის ხმა
წაკითხვა
სენატში საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ( ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია აშშ-ის კონგრესში) თანათავმჯდომარეების-სენატორ როჯერ უიკერისა და სენატორ ბენ კარდინის თაოსნობით, აშშ-ის სენატში რეზოლუცია შევიდა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს.სენატის რეზოლუცია #106, გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. "რუსეთის მთავრობა დიდი ხანია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დროა, აშშ-ის სენატმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადოს, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ მეზობელი სახელმწიფოების მიწების მიტაცებას და რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დადგენილი პირობების გატარება უნდა უზრუნველყოს,-განაცხადა სენატორმა უიკერმა.რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უგულვებელყოფა უხეშად არღვევს ჰელსინკის საბოლოო აქტის მთავარ პრინციპს და რომ საქართველო ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ძლიერი პარტნიორია. ამის მაგალითად, დოკუმენტის ტექსტში ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებაა მოყვანილი და აღნიშნულია, რომ ამგვარი მნიშვნელოვანი მოვლენა კონსტრუქციული ურთიერთობების დასტურია.ამერიკის ხმა
წაკითხვა

უახლესი