საზოგადოებრივი
104.5 FM
პოლიტიკა
მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 13:54:00
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ “დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.     სასამართლომ გააუქმა თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. შესაბამისად, ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს.       სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, სადაც ორგანიზაცია მეოცე უბნის შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვდა.     გადაწყვეტილების გამოცხადებას მოპასუხე მხარე, საოლქო და საუბნო კომისიების თავმჯდომარეები არ დასწრებიან. სხდომაზე არ გამოცხადდა ასევე "ქართული ოცნების" კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი. სასამართლომ  საოლქო კომისიას 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 
წაკითხვა
პოლიტიკა
მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 13:49:00
 ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ დღეს გადაწყდა, რომ კონტრაქტი გაფორმდა და 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.      მაღლაფერიძის შეფასებით, სამეურვეო საბჭომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილება  დაადასტურა.       „ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ. არ მეგულება საქართველოს მოქალაქე, რომელიც რაგბის არ გულშემატკივრობს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის რაგბი ეროვნული სპორტის სახეობაა. დღეს გადაწყდა, რომ კონტრაქტი გაფორმდა და 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში იმართება და მე ვფიქრობ, რომ ეს დიდი დღესასწაული იქნება, მით უმეტეს, როგორც ყოველთვის, ქართველი მორაგბეები გაგვახარებენ. ვფიქრობ, რომ სამეურვეო საბჭომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დაადასტურა. ამ კონტრაქტის წარმატებით დასრულებისთვის ბევრი ვიმუშავეთ და დღეს ჩვენს გადაწყვეტილებას ბეჭედი დაესვა“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.კონტრაქტს „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და კომპანია ღUGBY ჭOღLD ჩUP LIMIთED-ს შორის ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება. პირველი არხის მენეჯმენტს მიღწეული ჰქონდა შეთანხმება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირების შესახებ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, პირველი არხი შეისყიდდა თუ არა ტრანსლირების უფლებას, სამეურვეო საბჭოს უნდა მიეღო. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში გაიმართება.
წაკითხვა
პოლიტიკა
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 13:46:00
კახა კალაძე გარდამავალ პერიოდში, დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გეგმავს. ამის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა თბილისის მერობის კანდიდატმა საკრებულოს უმრავლესობის მომავალ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.         „ამ პერიოდს გამოვიყენებ იმისთვის, რომ შევხვდე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომ უკვე მომზადებულები ვიყოთ, გავაცნოთ ყველა ეს პროექტი, რომელიც ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი წინასაარჩევნოდ. ზოგადად, გეტყვით, რომ ძალიან დიდია ინტერესი და გვექნება შესაძლებლობა, მომდევნო წლების განმავლობაში მათთან თანამშრომლობით და მეგობრობით ეს პროექტები იქნეს განხორციელებული ჩვენი ქალაქისთვის. ასევე, ვაპირებთ სამინისტროებთან შეხვედრას, რადგან, როგორც გითხარით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, როდესაც ჩვენ უკვე მოგვეცემა შესაძლებლობა შევიდეთ მერიაში და საკრებულოში, უკვე პირველივე დღიდან დავიწყებთ მუშაობას, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“,  - აღნიშნა კახა კალაძემ.    თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა საკრებულოს უმრავლესობას მოსახლეობასთან აქტიური ურთიერთობისკენ და მათი პრობლემების დროული გადაწყვეტისკენ მოუწოდა.        მისი  თქმით, ის წელსვე დაიწყებს  შვიდი პოლიტიკის განხორციელებას. 
წაკითხვა
პოლიტიკა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 13:44:00
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა. ამის  შესახებ   გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევნდელი სხდომის დასრულების შემდეგ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა."სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.2 პროცენტი შეადგინა, თუმცა მესამე კვარტალის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი პროგნოზირებულთან შედარებით მცირედით დაბალი იყო. არსებული პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება და მომავალი წლის დასაწყისში, დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, სამპროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ამასთანავე, ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფლაციური მოლოდინები არ შეცვლილა და ფასების ზრდაზე დამატებით ზეწოლას არ ქმნის. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება გადაწყვიტა. თუკი არ წარმოიშვება დამატებითი შოკები, საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება და მის ნეიტრალურ დონეს დაუახლოვდება.       საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.        მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 13 დეკემბერს გაიმართება", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში. 
წაკითხვა
პოლიტიკა
განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 13:38:00
 განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.  ამის შესახებ  განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს.          „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტმა თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში მუშაობა დაასრულა.       უწყებაში შესული არაერთი საჩივრის საფუძველზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტი, თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ დარღვევებს დაახლოებით სამი თვის განმავლობაში სწავლობდა.            შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები როგორც ქონების განკარგვის, ასევე სკოლის მართვის კუთხით, რაც სკოლის დირექტორის გათავისუფლების საფუძველი გახდა. სამინისტროს შიდა აუდიტის დეტარტამენტის მიერ, სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებით დადგინდა, რომ სკოლის დირექტორი, ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლიდა მანდატურებს საქმიანობაში; სისტემატურად აგვიანებდა გაკვეთილზე; შეუსაბამო ფორმით აწარმოებდა მოსწავლეებთან კომუნიკაციას. ამასთან, მოიჯარეები წლების განმავლობაში უფასოდ სარგებლობდნენ სკოლის მოძრავი ქონებით; სკოლაში არსებული ქონება არ ემთხვეოდა ინვენტარიზაციის შედეგებს და ბოლოს, დარღვევები გამოვლინდა შესყიდვების პროცედურებშიც, რაზეც სკოლას გაფრთხილება ჯერ კიდევ 2016 წელს ჰქონდა მიღებული“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
წაკითხვა
პოლიტიკა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 13:28:00
შოთა ხიზანიშვილმა მისჯილი სასჯელი, წელიწადნახევარი, სრულად მოიხადა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა  განაცხადა.         ”შოთა ხიზანიშვილმა, მისჯილი სასჯელი, წელიწადნახევარი, სრულად მოიხადა. მას ბრალი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებოდა. მასთან ერთად ლილუაშვილის და ქარდავას საქმეებსაც იხილავდნენ, თუმცა ხიზანიშვილს მათთან შემხებლობა არ ჰქონდა. ამჟამად, მის წინააღმდეგ არც ერთი საქმე არ მიმდინარეობს”, - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.         შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა. 
წაკითხვა
პოლიტიკა
შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 13:25:00
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. ხიზანიშვილი საპყრობილიდან  დღეს  გათავისუფლდა.       საპატიმროსთან ხიზანიშვილს ახლობლები და მეგობრები ელოდებოდნენ. ხიზანიშვილმა ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.         შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა შეფარდებული სასჯელი მოიხადა. მას 2012 წელს „ქართული ოცნების“ ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე თითქმის ორწლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. იგი 2016 წლის 28 ივნისს დააკავეს. 
წაკითხვა
პოლიტიკა
"სამართლიანი არჩევნები": თიანეთის 20-ე საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა უნდა გაიმართოს
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 11:51:00
„სამართლიანი არჩევნები“ თიანეთში განვითარებულ პროცესებს ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, თიანეთის 20-ე საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა უნდა გაიმართოს. მიზეზებს არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებაში განმარტავს.           „გაურკვეველია და ეჭვს იწვევს ის გარემოება, როგორ მოხვდა 5 ნამდვილი ბიულეტენი, რომელზეც აშკარად იკითხებოდა ამომრჩევლის ნება ბათილ ბიულეტენებს შორის. განსაკუთრებით საეჭვოა ის ფაქტი, რომ ხმის დათვლის პროცესში, უბანზე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს ფაქტი არ გაუპროტესტებია.     არასტანდარტულია თავად საოლქო კომისიის მიერ ასეთი დაუყოვნებელი რეაგირება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლის განცხადებაზე დალუქული პაკეტის გახსნის და ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ, რომელიც კომისიამ განიხილა წარდგენიდან 1-2 საათში, 22 ოქტომბერს გამთენიისას.     საოლქო კომისიის გადაწყვეტილება კიდევ უფრო გასაკვირია იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის განცხადება სრულიად დაუსაბუთებელია, არანაირ ინფორმაციას შეიცავს იმის შესახებ, თუ რა დარღვევას ჰქონდა ადგილი ხმის დათვლის დროს და მხოლოდ გაურკვეველ ვარაუდს ემყარება.     საზოგადოების ნდობისა და არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია თიანეთის #20 საარჩევნო უბანზე შედეგები ბათილად იქნას ცნობილი და გაიმართოს განმეორებითი კენჭისყრა," -  ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წაკითხვა
პოლიტიკა
ვანის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად, სავარაუდოდ, ნარკორეალიზატორი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 11:49:00
 თბილისში, ვანის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას სავარაუდოდ, ამავე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საწყობში მომუშავე პირია დაკავებული. ამის შესახებ ადგილიდან პირველი არხის კორესპონდენტი იტყობინება.      ადგილზე ამ ეტაპზე კომენტარი არ კეთდება.       დაკავებული პირი ამ დროისთვის სამართალდამცავების ავტომობილში რჩება.       შსს-ში პირველ არხს განუცხადეს, რომ ვანის ქუჩაზე ერთი პირია დაკავებული, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული.სამართალდამცვავები ვანის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. 
წაკითხვა
პოლიტიკა
ჟინვალის გზაზე ავტომანქანის დაწვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 11:46:00
 ჟინვალის გზაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენლების ავტომანქანის დაწვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.      შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის  ინფორმაციით,    გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც   ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.         როგორც შსს-ში განმარტავენ, ამ დროისთვის სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მათ შორის ხდება იმ ადამიანების გამოკითხვა, ვინც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ასევე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.             არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენლებზე, მახარე სისაურსა და რამაზ ღვალაძეზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა გაავრცელა. მეჭიაურის ინფორმაციით, ორივე პირი თიანეთში საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ და თავდასხმამდე მის საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ. 
წაკითხვა
პოლიტიკა
მერის არჩევნების მეორე ტურების ჩატარების ბოლო ვადა 15 ნოემბერია
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 11:44:00
 მერის არჩევნების მეორე ტურების ჩატარების ბოლო ვადა 15 ნოემბერია. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მერის არჩევნების მეორე ტური პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა ტარდება და მას ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად ნიშნავს.       მერობის კანდიდატებისათვის დადგენილი 50%-იანი ზღურბლი არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა ვერ გადალახეს: ყაზბეგში, ბორჯომში, ხაშურში, ოზურგეთში, მარტვილსა და ქუთაისში. აღნიშნულ ოლქებში პირველ ადგილზე "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანდიდატები არიან.
წაკითხვა
პოლიტიკა
სამადაშვილი:პარტიის პოლიტსაბჭო შეცდა, როცა ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურში ბრძოლა დათმო
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 11:42:00
     „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭო შეცდა, როცა ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურში ბრძოლა დათმო, - ამის შესახებ სამადაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.       მისი აზრით, პარტიის რესურსები მეორე ტურზე უნდა მიმართულიყო.         „ვფიქრობ, ენმ-ის პოლიტიკური საბჭო შეცდა, როდესაც დღეს ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურზე, თუნდაც უსამართლო პირობებში, ბრძოლა დათმო. სამწუხაროდ, მე უმცირესობაში აღმოვჩნდი. პარტიის მთელი რესურსი უნდა მიგვემართა მეორე ტურზე. გაყალბების ლუსტრაციასაც უკეთ მოვახდენდით. ხელიდან გაშვებული პოლიტიკური შესაძლებლობაა. პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, იმედია, უმრავლესობის პოზიცია სწორი აღმოჩნდება, რასაც მხოლოდ მომავალი გვაჩვენებს“, - წერს სალომე სამადაშვილი.
წაკითხვა
პოლიტიკა
”ნაციონალური მოძრაობა” თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 11:40:00
      ”ნაციონალური მოძრაობა” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.   ეს გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო.          ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ქუთაისსა და მარტვილში ”ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატები გრიგოლ ვაშაძე და მამუკა დანელია მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.         პოლიტსაბჭოს სხდომას მეორე ტურში გასული კანდიდატებიც ესწრებოდნენ.       ”ნაციონალურ მოძრაობაში” მეორე ტურის ბოიკოტის მიზეზად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უსამართლოდ ჩატარებას ასახელებენ.
წაკითხვა
პოლიტიკა
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 15:18:00
 პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 110 ხმით დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნები მხოლოდ 8 პარლამენტარმა გაიზიარა. სხდომაზე 124 პარლამენტარმა გაიარა რეგისტრაცია.        საქართველო კონსტიტუციის ახალი რედაქცია პარლამენტმა დაამტკიცა 117 ხმით, 7-ის წინააღმდეგ. პარლამენტის თავჯდომარემ დეპუტატებს ახალი კონსტიტუციის მიღება მიულოცა.        შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა.
წაკითხვა
პოლიტიკა
”ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 15:13:00
 ”ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ, პროტესტის ნიშნად დატოვა.        როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა, ”ნაციონალური მოძრაობა” კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.         ”მიიღებთ ამ კონსტიტუციას, ხელს მოაწერთ მას. ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ ასეთი ძალადობრივი გზით კონსტიტუციის მიღებას და ჩვენ არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას”, - განაცხადა გოცირიძემ. 
წაკითხვა
პოლიტიკა
დეკანოზ მამალაძის ადვოკატმა ჩვენება არც სასამართლოში მისცა
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 15:13:00
 დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა სულხან კომახიძემ სასამართლო დატოვა. როგორც სულხან კომახიძემ განაცხადა, მან გამოიყენა იგივე უფლება რაც გამოძიების სხვა ეტაპზე და არ მისცა ჩვენება.        "ფაქტია, რომ სასამართლოში ჩვენების მიცემა შეწყდა. მე იგივე უფლება გამოვიყენე რაც მქონდა. სახელმწიფო ბრალდებას ეს რესურსი რასაც ახლა ხარჯავს, გიორგი მამალაძის ბრალდების საქმის ძიებისას რომ გამოეყენებინა, გიორგი მამალაძე დღეს უკანონო მსჯავრდებული არ იქნებოდა", - განაცხადა სულხან კომახიძემ.          ამჟამად საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის 2 ადვოკატის დაკითხვა მიმდინარეობს. მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიხეილ რამიშვილი და პაატა მეხრიშვილი იკითხება.
წაკითხვა
პოლიტიკა
საია-მ შესაძლოა ცსკ-ს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 13:27:00
საია-მ  შესაძლოა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს. საქმე ეხება ცესკო-ს გადაწყვეტილებას, რომ თბილისში ჩატარებული საქველმოწმედო საფეხბურთო მატჩი პოლიტიკურ აგიტაციათ არ ჩათვალა.       საია-ს იურისტის ირმა პავლიაშვილის განცხადებით, საინტერესოა სასამართლო განმარტება როგორი იქნება აგიტაციასთან და უკანონო აგიტაციასთან დაკავშირებით.     მისი თქმით, ორგანიზაციამ 2016 წელსაც მიმართა ცესკო-ს და სასამართლოს, როდესაც უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო აგიტაციაში და ადგილი ჰქონდა სოციალურ მიმართვებს.“როგორც კი ანდრეი შევჩენკოს კომენტარი გავრცელდა, ჩვენ დაუყოვნებლივ განცხადებით მივმართეთ ცესკო-ს. განცხადებაში საუბარი იყო, რომ შევჩენკო კახი კალაძის მხარდასაჭერად იყო ჩამოსული და ის მიიჩნევდა, რომ კალაძე კარგი მერი იქნებოდა. აქედან გამომდინარე,  ამ შემთხვევას ვაფასებთ, როგორც სააგიტაციო ღონისძიებას და ადგილი ჰქონდა ამ შემთხვევაში უკანონო აგიტაციას, იქიდან გამომდინარე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობდა აგიტაციაში. ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანდიდატის ხელშეწყობას და მეორე შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კანონით ეკრძალებათ საააგიტაციო ღონისძიებაში მონაწილეობა. ეს ღონისძიება მიმართული იყო იმ კუთხით, რომ ადგილი ჰქონოდა აგიტაციას“, - განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.      ცესკო-მ განმარტა, რომ გამართული მატჩი არ იყო სააგიტაციო ღონისძიება და ადგილი ჰქონდა გამოხატვის თავისუფლებას.    ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ანდრეი შევჩენკომ სავარაუდოდ, საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია, რადგან 29 სექტემბერს საქველმოქმედო მატჩის შემდეგ განაცხადა - „ჩემს მეგობარ კახი კალაძეს წარმატებას გულით ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება“.
წაკითხვა
პოლიტიკა
პრემიერმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმო გახსნა
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 13:25:00
 სახელმწიფოს მხარდაჭერით, თბილისში კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა, - პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული „მეგაპროდაქშენი“, რომელიც ბეტონის ფილების წარმოებას იწყებს, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.      პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას თან ახლავს ასეთი ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ახლად გახსნილი საწარმო მშენებლობის სფეროში ტექნოლოგიურ ცვლილებებს მოიტანს. „ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს საწარმო შეიქმნა ორი საწარმოს - „თბილცემენტ გრუპისა“ და „ეფ-პი-სის“ ბაზაზე, რომელთაგან თითოეული იყო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი. ორივეს სახელმწიფო დაეხმარა ფინანსურ კომპონენტში და ძალიან კარგია, რომ მოინახა სინერგია.საწარმო „მეგაპროდაქშენი“ გახლავთ მშენებლობის პროცესის მნიშვნელოვანი დამაჩქარებელი. ის რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, რომლებსაც ეს საწარმო აწარმოებს, იქნება ძალიან ინტენსიურად გამოყენებული მშენებლობის პროცესში, ვინაიდან იგი მნიშვნელოვნად აჩქარებს, აიაფებს მშენებლობას და ხარისხის მაჩვენებლებიც ძალიან სახარბიელო აქვს", - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას მშენებლობის სექტორში არსებულ დიდ ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთლიანად ეკონომიკაში არსებული დინამიკა ძალიან სახარბიელოა.        გიორგი კვირიკაშვილმა ყველა ბიზნესმენს მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დინამიკა და შესაძლებლობები, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, გაზარდონ მასშტაბები, შემოიტანონ წამყვანი კომპანიების დანადგარები, როგორი იტალიური დანადგარებიც აქვს "მეგაპროდაქშენს", რაც ძალიან დიდ უკუგებას მოიტანს, პირველ რიგში, კერძო სექტორში არსებული ზრდიდან და სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციების მიმართულებით გაზრდილი დანახარჯებიდან გამომდინარე.        პრემიერ-მინისტრმა საწარმოს ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა ძალიან კარგი ინიციატივისთვის და წარმატებები უსურვა, ასევე დაათვალიერა ახლად გახსნილი საწარმო და წარმოების პროცესის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
წაკითხვა
საზოგადოება
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა გაიმარჯვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 13:22:00
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის შესარჩევად ხმის მიცემა დასრულდა. ყველაზე მეტი - 14227 ხმა შპს „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა მიიღო. შპს BWC-ის პროექტმა  - 7727 ხმა, ხოლო შპს „არტსტუდიო-პროექტმა“ - 11127.      გამარჯვებული პროექტი ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა: ფუნქციური მხარე, პრეტენდენტის გამოცდილება, პერსონალის გამოცდილება და მიწოდების ვადა. მეხუთე კრიტერიუმი – შენობის დიზაინია, რომელიც საზოგადოებამ ხმის მიცემის პრინციპით შეარჩია.პროექტების ფუნქციური მხარე სპეციალურად დაქირავებულმა კომპანიამ შეამოწმა.სამშენებლო ტენდერი 6-7 თვეში გამოცხადდება, ხოლო მშენებლობა, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დასრულდება.პირველმა არხმა, ისტორიაში პირველად, საზოგადოებას საშუალება მისცა, პირველი არხის შენობის დიზაინი აერჩია. 8 აგვისტოს მაუწყებელმა არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა, რის შემდეგაც, შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში აიტვირთა საკონკურსო დოკუმენტაცია, შესყიდვის ღირებულებით 1.032.048 ლარი.კონკურსში მონაწილეობის სურვილი სამმა კომპანიამ: შპს BWC, შპს „თბილქალაქპროექტი“ და შპს „არტსტუდიო-პროექტი“ გამოთქვა.საზოგადოებას საშუალება მიეცა, მათ შორის საუკეთესო არქიტექტურული პროექტის დიზაინი ხმის მიცემის პრინციპით შეერჩია. ხმის მიცემა ყოველ 12 საათში ერთხელ, „ფეისბუქის“ საშუალებით, პირველი არხის ვებგვერდ 1tv.ge-ზე 2017 წლის 13 ოქტომბრის 12 საათამდე იყო შესაძლებელი.
წაკითხვა
პოლიტიკა
პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 13:19:00
პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტოზე მსჯელობენ.        დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებს ვეტოს შინაარსი  პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა  ანა დოლიძემ  გააცნო.       დოლიძის თქმით, ეს დღე არის ისტორიული, რადგან პრეზიდენტის ვეტო გამოყენებული იქნა კონსტიტუციურ პროექტთან მიმართებით.       საკონსტიტუციო ცვლილების განხილვას, დოლიძის გარდა, პრეზიდენტის მრჩევლები და უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ესწრებიან.
წაკითხვა

უახლესი